ბრაზილიამ ჩილეს მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა

კოპა ამერიკაზე 1/4 ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებები შეხვდნენ. აღნიშნული დაპირისპირება ტიტეს გუნდის სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო და ორივე გუნდი აქტიურად უტევდა. მომენტები ორივე კართან იყო, თუმცა ფეხბურთელებს სიზუსტემ უმტყუვნათ. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან 1 წუთი არ იყო გასული, როცა ბრაზილიამ გაიტანა. ჩილელთა მცველების შეცდომით, ლუკას პაკეტამ ისარგებლა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით შეაგდო.

ბრაზილიელები მალე 10 კაცით დარჩნენ. გაბრიელ ჟეზუსმა მენასთან ორთაბრლისას მეტოქეს ფეხი სახეში მოარტყა, რაც ცხადია განსაკუთრებულ უხეშობად შეფასდა და ბრაზილიელმა წითელი ბარათი მიიღო.

დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ბრაზილიის ნაკრები 1/2 ფინალში გავიდა და 6 ივლისს პერუს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *