ბრაზილია მგონი ბრაზილიურია

მე არ ვიცი რას იზამს ბრაზილია ხორვატიასთან. ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ ვუყურებ ყატარში მიმდინარე ჩემპიონატს და ვფიქრობ — ახლა ყველაზე ბედნიერები ასე, რვა-ათი წლის ბავშვები არიან, რომელთათვისაც ეს პირველი მუნდიალია. მათთვის რაღაც დიდი და განსაკუთრებული ხდება, სხვებისთვის კი… თუმცა ვისთვის როგორ. იმ დღეს მოვისმინე მოსაზრება, რომ ვინაიდან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური ინტრიგით იყო სავსე, ამიტომ მაგარი ჩემპიონატია. მე თუ მკითხავ, ხარისხი და კიდევ სხვა რაღაცები უნდა ვიდარდოთ, თორემ დაძაბული ბოლო ტური უბანში კაცები ნარდს რომ აგორებენ, იქაც არის ხოლმე. ეს მუნდიალიც რა უხერხული სიტყვაა, კაცო. ვერაფრით შევეგუე. იმიტომ კი არა…  თუ გინდა ფრანგულად მონდიალი ვეძახოთ, მაინც ყურს ჭრის. ჩემს ყურზე ვამბობ.

Brazil Squad For FIFA World Cup Qatar 2022 And Players List, Position

საერთოდაც, ჩემს შთაბეჭდილებას მოგახსენებთ. გიზიარებთ უფრო სწორად. აი, ბრაზილია მომეწონა, განსაკუთრებით კორეასთან პირველ ტაიმში. მანამდეც. არ დაგიმალავთ და გამორჩევით ამ ქვეყნის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, დამფასებელი — კი ბატონო. როდესაც ბრაზილია ბრაზილიურად თამაშობს, ძნელია არ მოგწონდეს. ის კი არა, შეიძლება უყურებდე, გსიამოვნებდეს და… რაღაც შენი მიზეზის გამო მისი მოწინააღმდეგისკენ იყო. ეს ნორმალურია. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს ბრაზილია ნამდვილია, ჩვენ რომ ვიცნობდით ისაა. არა, ამაზე უკეთესიც გვინახავს: არც პელე ჰყავთ, არც გარინჩა, არც ზიკო – ფალკაო – სოკრატესი, არც რომარიო ან ღიპიანი რონალდო თავისი რივალდოთი, მაგრამ სული იგივეა. სული ბრაზილიურია, რაც ტიტეს დამსახურება მგონია. ცანცარი და ყოველი გოლის მერე ცეკვაც უხდებათ. მართალია, როი კინმა თქვა ამდენი ცეკვით მეტოქეს შეურაცხყოფას აყენებენო, მაგრამ რა ვიცი… აყენებენ? ვნახოთ, ზომიერების გრძნობა ეყოფათ თუ არა. ჯერ ხომ არაფერი დამთავრებულა.

 

თუმცა, თავშივე ვთქვი, არ ვიცი ხორვატიასთან რას იზამენ, მეთქი. ისეთი ჩემპიონატია, არ გამოვრიცხავ, VAR-მა სადმე ოთხი წლის წინანდელი ოფსაიდი იპოვოს, ამის გამო ახლა კოერასთან გატანილი გოლები გაუუქმოს და ამ ჩემმა ნაქებმა ბრაზილიამ გადათამაშება წააგოს. უტრირებაა, რასაკვირველია. ჩემს ჭკუაში VAR-ის უცნაურობებს გავკარი კბილი, ფეხბურთელებს გოლს რომ აზეიმებს და ერთი საათის მერე იმ გოლს აუქმებს. ხანდახან ამას იმიტომ აკეთებს, რომ ნახევარი წუთის წინ, სადღაც მოედანზე რაღაც წესი დაირღვა ან ბოლომდე არც დაირღვა და ტელე-მსაჯები ახლაღა მოვიდნენ აზრზე. თუმცა, ამ VAR-საც ჰყავს მხარდამჭერები. სიზუსტე თუ გინდათ მილიმეტრების უსასრულო ზომვაშიაო, ამბობენ ისინი და ამჯერად არ შევედავები, ელექტროსამართლიანობაზე მსჯელობა მომავლისთვის გადავდოთ. ახლა უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ბრაზილიის ნაკრებს ბრაზილიური სული აქვს.

Brazil vs Serbia (2-0) Highlights, Goals, Group G Matches & Result (Video)  - GhanaRegions.com

აი, გერმანიას კი გერმანული სული არ ჰქონდა და გავარდა. არგენტინას მესი ჰყავს. ბებერი მაგრამ, მესი. ესპანეთი… რას ვფიქრობ, იცით? მგონი ესპანეთი იმას დაუბრუნდა რაც ტიკი-ტაკამდე იყო. ამ ბევრი პასისა კი რა მოგახსენოთ. გადაუვლით. ბარსელონური „განდაგანა“ ძალიან სპეციფიკური რაღაც იყო, კონკრეტულ დროს, კონკრეტული ფეხბურთელების შესრულებით გაიბრწყინა და არა მგონია დამკვიდრდეს. მაშინვე არ მეგონა, როდესაც გვარდიოლა გვარდიოლობდა.

ფრანგებს შევხედოთ… ძლიერი გუნდი ჩანს, მაგრამ ვინ იცის რა მოხდება. თან ინგლისთან.

ინგლისი ინგლისია, მაგრამ ეს ტრადიციულად არაფრის გარანტია არ არის.

ჰოლანდიას რაც ნიდერლანდებს ვეძახით, მგონი მთლად ჰოლანდიურად ვეღარ თამაშობს.

პორტუგალია… ეს რომელი, რონალდუთი თუ რონალდუს გარეშე? თუმცა, შეიძლება ერთი გუნდიცაა. ყოველ შემთხვევაში, ცუდი პერსპექტივა ნამდვილად არ აქვს. მაროკო კი არის კერკეტი კაკალი, მაგრამ არ ეყოფა, ვითომ?

იტალია კი… ამ ჩემპიონატზე არ თამაშობს.

Profil dan Skuad Lengkap Timnas Brasil di Piala Dunia 2022 Qatar

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *