83-ე წუთზე რეალელმა ბრაზილიელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს – მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ვინისიუსმა როდრიგოს დაუგორა ბურთი, როდრიგომ კაზემიროს და ამ უკანასკნელმა ლამაზად გაიტანა. ეს ალბათ მატჩის ერთადერთი ნათელი მომენტი იყო – 1:0.
შეხვედრა დოჰაში გაიმართა. ყატარის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი გახლდათ ბრაზილიისა და შვეიცარიის ეროვნულ გუნდებს შორის.
ტრავმირებული ნეიმარის გარეშე ბრაზილიის ნაკრები სხვა კრებულია. თუმცა მხოლოდ ნეიმარში არ უნდა იყოს საქმე. ეს ალბათ მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი ყველზე დუნე მატჩი გამოდგა, ბოლო 20-25 წუთს თუ არ ჩავთვლით. შვეიცარიასთან თამაში ადვილი არავისთვისაა, მაგრამ მაინც. ბრაზილიას არ ეტყობოდა თამაშის მოგების დიდი სურვილი. შვეიცარიელბს კი საერთოდ არ დაურტყამთ მეტოქის კარში.
64-ე წუთზე ვინისიუსმაც გაიტანა, კაზემირომ ის მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და რეალის ფორვარდს გატანა არ გასჭირვებია. მაგრამ ამ ეპიზოდში რიშარლისონიც აქტიურად მონაწილეობდა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და გოლი არ ჩაითვალა. საერთოდ, ვინისიუსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ ბრაზილიელთაგან. ეს იყო და ეს.
ამრიგად, ბრაზილიამ 6 ქულა მოაგროვა და ვადამდე გაინაღდა მერვედფინალის საგზური. დანარჩენებს კი ბოლო ტურში დიდი ბრძოლა ელით.
მატჩის საუკეთესო – კაზემირო
როცა მატჩის საბოლოო შედეგი არის 1:0, ცხადია, საუკეთესოც მეგოლე ფეხბურთელია… ეგეც რომ არა, კაზემირო, როგორც ყოველთვის, შუა მოედნის სრული ბატონ-პატრონი იყო.