ლეონ გორეცკა, ლუკ შოუ, ნათან აკე და სხვები… ევროპის ჩემპიონატში რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს ვხედავთ, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ რომ თამაშობდნენ. საქართველოს იმ ნაკრებმა კი მცირე ფურორი მოახდინა, როცა ევროპის ნახევარფინალამდე გავიდა და ვინ იცის, როგორ წავიდოდა საქმე, ნიდერლანდებთან რუმინელი მარიუს ავრამის ცუდი მსაჯობა რომ არა.
სფფ-ის მწვრთნელთა განვითარების განყოფილების ხელმძღვანელსა და 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელ ვასილ მაისურაძეს ევროპის ჩემპიონატის ამბებზე ვესაუბრეთ.
– ჯგუფის ორი ტურია გასული და რას იტყვით, ამართლებს მოლოდინს ევროპა?
– მომწონს, რადგან ყველას მოგვენატრა დიდი სანაკრებო თამაშები.
– ძლიერი ნაკრებები? ფავორიტები რომ დაასახელოთ…
– ჯერჯერობით, ყველაზე მეტად საფრანგეთი და იტალია მომწონს. მეტს ველოდი ინგლისისგან. იტალიის ასეთი განსხვავებული ფეხბურთი ალამაზებს ჩემპიონატს. ჯერ მაინც თავს შევიკავებ.
– ხშირად ხდება, რომ ჯგუფში სხვა არის გუნდი და მერე იცვლება სურათი. როგორ ფიქრობთ, იტალიას ექნება კიდევ დამატებითი იარაღი, რაც არ გვინახავს? ჩანს ამის პერსპექტივა?
– დიახ. შორს წავა. ბადეებს არ ჩავძიებივარ, მაგრამ ჩანს, რომ სერიოზულად არიან მომზადებულები.
– ესპანეთზე – გრანდებიდან ერთადერთ ნაკრებზე, რომელსაც ჯერ არ მოუგია…
– ვფიქრობ, შეუძლიათ თავისი სიტყვის თქმა. ალბათ, შემადგენლობაში ორიოდე ცვლილების მერე უკეთ ათამაშდებიან.
– სპეციალისტები ბევრს აკრიტიკებენ ლუის ენრიკეს, ბურთს ზედმეტად დიდხანს ფლობენ და მომენტებს ცოტას ქმნიანო. რას იტყვით?
– ეგ არის ესპანეთის ნაკრების ფილოსოფია. მესმის გულშემატკივრების და ჟურნალისტების, რომლებსაც მეტი სახიფათო მომენტი სურთ. ლუის ენრიკე ფიქრობს, რომ რაც უფრო დიდხანს აქვს ბურთი გუნდს, მით უფრო მეტი აქვს მოგების შანსი. ესპანელები თვლიან, რომ ეს მათი თამაშია და რომ შეცვალონ, უფრო მეტი რისკია, რომ არ გაუმართლოთ.
– ხომ არ ჩანს ევროპის ჩემპიონატში მაგარი ცენტრფორვარდების დეფიციტი?
– აი, ზუსტად ესპანეთს სჭირს ეს. ერთი ცივსისხლიანი თავდამსხმელი რომ ჰყავდეთ, სხვა შედეგი ექნებოდათ. არ ჰყავთ. ზოგადად? დიახ, ზოგადადაც იგრძნობა, რომ ვარსკვლავი 9 ნომრების დეფიციტია. შეიცვალა ფეხბურთი. მართალია, გოლი ამოსავალი წერტილია, მაგრამ გოლის გამტანსაც სთხოვენ დაცვას, თუ განსაკუთრებული ფიგურა არაა. ამიტომაც არ ენდობიან ისეთ ცენტრფორვარდს, რომლებიც უკან არ ჩამოდიან.
– მწვრთნელებიდან ვის გამოარჩევთ? ვისი ნამუშევარი ჩანს ყველაზე მკაფიოდ?
– მთავარი ფლეი-ოფებიდან გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით, რობერტო მანჩინის. ორი წელია, თამაში არ წაუგიათ, გოლსაც არ უშვებენ და მანჩინისაც ეტყობა, მოგებაზე დამშეული ფეხბურთელები ჰყავს ნაკრებში.
– ინგლისი წეღან ახსენეთ და თითქმის სულ ასეა: მოლოდინი მეტია, ვიდრე მერე რეალობა. რა აკლია ამ ინგლისს ყველაზე მეტად?
– ვფიქრობ, ჰარი კეინის მაგარი თამაში აკლია. კეინი იდეაში გუნდის ლიდერი უნდა იყოს, მაგრამ ეტყობა, ვერ არის ფორმაში.
– თუმცა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა ტოტენჰემში…
– დიახ, მაგრამ ამ ორ თამაშში აშკარად ვერ აჩვენებს თავის კლასს. მეტი სიმწვავეა მისგან საჭირო.
– გერმანია-პორტუგალია. ეს მატჩი ცალკე შევაფასოთ…
– გერმანიამ ჩართო თავისი მანქანა. არ ვიცი, რა დავარქვა, ბრაზი თუ სხვა რამ, მაგრამ პორტუგალიასთან გერმანელებმა გვაჩვენეს: „აი, კრიტიკულ სიტუაციაში ყოფნისას რა შეგვიძლია“. ახლა მთავარია, რამდენად სტაბილურები იქნებიან. ჩემი აზრით, გერმანიაც ერთ-ერთი ფავორიტია.
– თქვენ რომელი ნაკრების გულშემატკივარი ხართ?
– საფრანგეთის. ბავშვობიდან მოყოლებული… 1982, 1984, ანუ მიშელ პლატინის დროინდელი.