ბრენდი 20 წლიანი წარსულით – კონამი Pro Evolution Soccer-ს სახელს უცვლის

კონამი მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ საფეხბურთო ვიდეოთამაშს სახელს უცვლის. 2001 წლამდე არსებული Winning Eleven, შემდგომში 20 წლიანი განვითარებით – Pes – Pro Evolution Soccer, მომდევნო წლიდან, თამაშის მოყვარულებს Efootball-ის სახელწოდებით წარუდგება.

Unreal Engine 4 – თამაშის სრულიად ახალი ეტაპი იქნება. Fox Engine-ს შემდეგ ეს სიახლე, როგორც ამბობენ, თამაშს სრულებით შეცვლის. თამაში სრულიად უფასო იქნება და ნებისმიერი მსურველი 2022 წლის ვერსიას ყოველგვარი გადასახადის გარეშე გადმოწერს და ითამაშებს.

რებრენდინგის პირობებში სახელის ცვლილებას, ცხადია, ლოგოსა და ახალი დეტალების დამატებაც მოჰყვება. დიზაინერების თქმით, ახალი ფერები უფრო მხიარული იქნება და ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას გეიმერების სათამაშო მოტივაციაზე.

თვითონ თამაშის ინტერფეისი და მენიუ იდენტურ ფერებსა და ბრენდხაზში იქნება გადაწყვეტილი. თამაშის პირველი ტრეილერის მიხედვით, ვიგებთ, რომ ის ყველა კონსოლზე იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის, ახალ ფლეისთეიშენ 5-ზე. ახალი ფრენჩიზის პირობებში კონამიმ უამრავი ახალი ლიცენზია მოიპოვა, რაც უცნაური სახელების მქონე გუნდების რაოდენობას მინიმუმამდე დაიყვანს. გარდა ამისა, ლიონელ მესისთან ერთად თამაშს ახალი ელჩი ეყოლება – ეს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი იქნება.

„ახალი იდენტობითა და ბრენდით ბაზარზე მაღალი სიმაღლეების დაპყრობა გვსურს. თამაშმა ყველა გეიმერის კონსოლსა და გულში უნდა შეაღწიოს. ამის ამბიცია და მოლოდინები ნამდვილად გვაქვს. თამაშის ეს ვერსია დახვეწილი და სრულყოფილი იქნება, გეიმერებს წინ უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ“, – აცხადებს კონამის მარკეტინგის მენეჯერი, ჯეფ როუდლი.

თამაშის მოყვარულები დემოვერსიის გადმოწერას უახლოეს მომავალში შეძლებენ. თამაშის სრული ვერსია დახლებსა და ონლაინ მაღაზიებში, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოს გამოჩნდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *