ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა 2021 წლის სეზონი გამარჯვებით გახსნეს – ედინბურგში, „მარიფილდის“ სტადიონზე 28:10 დაამარცხეს იაპონიის ნაკრები.
ვორენ გეთლენდის გაწვრთნილ „ლომებს“ გამარჯვება ძვირად დაუჯდათ – შეხვედრის სტარტზევე ხელი მოიტეხა კაპიტანმა ალუ ვინ ჯოუნსმა, რომელიც სამწუხაროდ ვეღარ დაეხმარება ბრიტანეთის ნაკრებს სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე.
მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, „ლომებმა“ წარმატებით მოიგეს დერეფანი მეტოქის 22 მეტრიან ზონაში, შეტევაში მოულოდნელად ჩაერთო ბუნდე აკი, რომელიც მაღალი სისწრაფით შეიჭრა მეტოქის დაცვაში და დიდი უპირატესობა შექმნა. იაპონიამ დაცვაში გადალაგება ვერ მოახერხა და უელსელმა ჯოშ ადამსმა სადებიუტო ლელო გაიტანა „ლომების“ მაისურით. გარდასახვა ზუსტად დენ ბიგარმა შეასრულა 7:0.
მე-17 წუთზე მასპინძლებმა გაზარდეს საკუთარი უპირატესობა – მარჯვენა ფლანგზე, 6 ფაზიანი შეტევის შემდეგ იაპონიას ნულოვანი ზონა დაუცველი დარჩა და მოკლე ფრთაზე დუჰან ვან დერ მერვე გაიპარა, რომლის გაჩერებაც ვეღარავინ შეძლო, რეალიზაცია ისევ წარმატებით შეასრულა ბიგარმა 14:0.
23-ე წუთზე „ლომებმა“ სუფთად მოიგეს აუტი მეტოქის 5 მეტრიან ზონაში და წარმატებით ააგორეს მოლი. მოძრავი მოლიდან ბურთი მოულოდნელად გამოიტანა „ლომების“ ახალმა კაპიტანმა კონორ მარიმ, რომელმაც მაღალ სისწრაფეზე მორბენალ რობი ჰერნშოუს შეაყოლა ბურთი, ირლანდიური კომბინაცია წარმატებული გამოდგა და ანგარიშიც 21:0 გახდა.
მეორე ტაიმის სტარტზე იაპონელთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა – შერკინების მოთამაშე თად ბერნმა უპრობლემოდ გაჭრა მეტოქის ხაზი და 25 მეტრიანი გარბენი ძელებს შუა დადებული ლელოთი დააგვირგვინა 28:0.
შეხვედრის დასკვნით 20 წუთში „ლომები“ მოდნუნდნენ, იაპონია კი გამოფხიზლდა. ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებმა 58-ე წუთზე ლელო დადეს – აგორებული მოლის შემდეგ კაზუკიმ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანშ დაამიწა. ტამურამ ჯერ გარდასახვა შეასრულა ზუსტად, 8 წუთში კი საჯარიმოც შეაგდო 10:28.
70-ე წუთზე ტრავმა მიიღო ჯეკ კონანმა, ვინაიდან „ლომების“ სამწვრთნელო შტაბს უკვე ყველა ცვლილება ქონდა განხორციელებული, ჯეკის შეცვლა ვერავინ შეძლო და ბრიტანელებმა მატჩი 14 კაცით დაასრულეს, თუმცა ეს არანაირი პრობლემა არ ყოფილა მათთვის.