„ბრუკლინი“ სათამაშო ფორმას იბრუნებს

უკანასკნელი 12 თამაშიდან „ბრუკლინმა“ 7 წააგო და ყველა ალაპარაკდა ნიუ-იორკული გუნდის კრიზისზე. „ნეთსზე“, რომელიც ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატია და შემადგენლობაში ყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი და კაირი ირვინგი.

დღეს გამთენიისას, სტივ ნეშის გაწვრთნილი გუნდი ტეხასის შტატს ეწვია და 117:102 დაამარცხა „სან ანტონიო“, თან ეს ყველაფერი უდავო ლიდერის – კევინ დურანტის გარეშე გააკეთა(დურანტულას მუხლის ტრავმა აქვს).

null

შეხვედრას ინტრიგას მატებდა ის ფაქტი, რომ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უწევდათ თამაში ლამარკუს ოლდრიჯს და პატ მილსს. ორივე კალათბურთელს „სპურსის“ გულშემატკივარი თბილად დახვდა – მათი გვარების გამოცხადებას ტაშით შეხვდა.

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით ანგარიშში წინ გასვლას. მასპინძელთა რიგებში გამორჩეული იყო დეჟანტე მიურეი, რომელმაც კარიერული მე-13 სამმაგი დუბლი შეასრულა(25 ქულა, 12 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა). სწორედ მისი უნივერსალური ასპარეზობის ფონზე „სპურსმა“ პირველი მეოთხედი 26-24 მოიგო.

null

მეორე პერიოდში კაირი ირვინგის დრო დადგა, რომელიც ისევ უარობს კოვიდ საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას და სწორედ ამ მიზეზით მხოლოდ გასვლით მატჩებს თამაშობს. ლიგის მთავარმა ანტივაქსერმა ბრწყინვალე დრიბლინგით ჯერ თვითონ ჩააგდო ბურთი მეტოქის კალათში, შემდეგ ეპიზოდში კი უკვე თანაგუნდელს უპასა იდეალურად – სტუმრებმა მეორე მეოთხედი 26-25 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 1 ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6:16 წუთით ადრე შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი დადგა – ერთმანეთს დაეჯახნენ დერიკ ვაითი და ჯეიმს ჰარდენი. „სპურსის“ უკანახაზელმა იდაყვიც იხმარა და „ბაბუაწვერას“ სახეში „წარმატებით მოარტყა“.

ამ ეპიზოდის შემდეგ „ბრუკლინი“ გაბრაზდა – ჯერ ლამარკუს ოლდრიჯმა შეასრულა „სლემ დანქი“, რასაც ბრუს ბრაუნის ზუსტი სროლები მოყვა და მეოთხე მეოთხედის წინ უკვე „ნეთსი“ ლიდერობდა 79-74.

null

ბოლო პერიოდში სტუმრებმა დაცვის მარყუჟებს მაგრად „მოუჭირეს“, განსაკუთრებით 3 წამიან ზონაში, რამაც შედეგი მყისიერად გამოიღო – „ბრუკლინი“ ანგარიშში წინ გაიქცა და უკან აღარც მოუხედავს – ბრწყინვალე იყო ჰარდენი, რომელმაც მეორე ტაიმში 23 ქულა ჩააგდო, მთლიანად მატჩში კი 37 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა მოაგროვა (66-ე კარიერული სამმაგი დუბლი).

სტუმრებმა ახლოს აღარ მიიკარეს მასპინძლები და მატჩი 117-102 მოიგეს.

Leave a comment

Your email address will not be published.