ჟაკ ვონის გაწვრთნილი “ბრუკლინი” შესანიშნავ ფორმაშია. “ნეთსმა” ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში უკვე მესამე ადგილს იკავებს ბალანსით 22/10.
დღეს, გამთენიისას “ბრუკლინი” კლივლენდს ესტუმრა და ადგილობრივ “კავალიერზს” ეთამაშა. შეხვედრის მთავარი ინტრიგა კაირი ირვინგის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება გახლდათ.
“ნეთსის” გამთამაშებელმა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ნასროლი 11 სამქულიანიდან 7 ჩააგდო და მატჩი 32 ქულით დახურა. ირვინგს იდეალურად მიეხმარა კევინ დურანტი, რომლის ანგარიშზეც ასევე 32 ქულა გახლდათ.
“ბრუკლინის” ვარსკვლავთა სუპერ დუეტმა ჯამში 64 ქულა ჩაუგდო მასპინძლებს და უმნიშვნელოვანსი გამარჯვება მოიპოვა უახლოეს კონკურენტთან 125-117.
“კლივლენდის” რიგებში გაიბრწყინა დარიუს გარლანდმა, რომელმაც სტუმრებს 46 ქულა ჩაუგდო, თუმცა მხოლოდ მისი კარგი თამაში არ იყო საკმარისი მატჩის გადასარჩენად.
მეორე მეოთხედის მსვლელობისას, კევინ დურანტმა საშუალო დისტანციიდან ჩააგდო ბურთი მეტოქის კალათში, კარიერული პირადი მონაგარი 26496 ქულამდე გაზარდა, რითაც გადაასწრო ლეგენდარულ ტიმ დანკანს.
ამ მომენტისთვის “დურანტულა” NBA-ს ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-15 პოზიციაზე იმყოფება, კევინის მომდევნო სამიზნე დომინიკ ვილკინსი იქნება (26,668 კარიერული ქულა).
კლივლენდი – ბრუკლინი 117:125 (22:34, 27:31, 30:26, 38:34)
კლივლენდი: გარლანდი (46 + 8 პასი), მიტჩელი (15),მობლი (12), ალენი (10 + 11 მოხსნა), სტივენსი (6) – სასტარტო; ოსმანი (11), ლევერტი (8), ლავი (7 + 8 მოხსნა), ოკორო (2).
ბრუკლინი: ირვინგი (32), დურანტი (32 + მოხსნა), კლექსტონი (10), ონილი (10),სიმონსი (4 + 9მოხსნა + 8 პასი) – სტარტი; ვორენი (23 + 8მოხსნა),ვატანაბე (10), სამნერი (4), მილსი(0).