„მილუოკის“ ცენტრმა ბრუკ ლოპესმა კარიერის საუკეთსო მატჩი ჩაატარა საპლეიოფო სტადიაზე, მისმა „ბაქსმა“ კი 123:112 სძლია „ატლანტას“ და სერიაში 3:2 დაწინაურდა.
იანის ანტეტენკუმპოს(ფეხის ტრავმა) გარეშე დარჩენილმა „მილუოკიმ“ ბრუკ ლოპესის სახით ახალი ლიდერი იპოვა, რომელმაც სამწამიან ზონაში „წალეკა“ „ჰოუქსი“ და 33 ქულის დაგროვებით ფაქტობრივად პირადად მოიგო ეს მატჩი.
შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდათ მასპინძლებს – ბრუკის იდეალური თამაშის ფონზე „მილუოკი“ 30:10 გაექცა მეტოქეს და სოლიდური, 20 ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა.
ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ძირითად ხუთეულში „გადმოსული“ ბობი პორტისიც, რომელმაც ასევე კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა პლეიოფებში – დააგროვა რა 22 ქულა.
„ბიგმენების“ იდეალური თამაშის ფონზე „ბაქსი“ მეორე მეოთხედში 48:30 დაწინაურდა, თუმცა „ატლანტა“ დროულად გამოფხიზლდა – ბოგდანოვიჩის და ვილიამსის ზუსტი ტყორცნების ფონზე მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა 56:65.
მეორე ტაიმის სტარტზე ჯონ კოლინზმა გაისროლა პერიმეტრიდან და მასპინძელთა დიდი უპირატესობიდან ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა.
კრიტიკულ მომენტში ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო კრის მიდლტონმა, რომელმაც ზედიზედ 3 შეტევაში ჩააგდო ბურთი მეტოქის კალათში და „მილუოკის“ ისევ სოლიდური ჰანდიკაპი მოუტანა.
მეოთხე მეოთხედში პორტისმა და ლოპესმა ისევ განაგრძეს დომინირება სამწამიან ზონაში და „ბაქსმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა „ატლანტასთან“.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბრუკ ლოპესი გახდა 33 ქულით, 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა სამმაგ დუბლამდე კრის მიდლტონს – 26 ქულა, 13 მოხსნა, 8 პასი. 22 ქულა ქონდა ბობი პორტისს.
„ატლანტას“ რიგებიდან გამოირჩა სერბი სნაიპერი – ბოგდან ბოგდანოვიჩი 28 ქულით, 19-19 ქულა დააგროვეს გალინარიმ და კოლინზმა.
ტრე იანგის გარეშე დარჩენილმა „ჰოუქსს“ შეტევაში ფანტაზია აკლდა ტრე იანგის გარეშე (ფეხის ტრავმა), ნეიტ მაკმილანის გაწვრთნილ გუნდს ახალ ზედიზედ 2 მატჩის მოგება მართებს, რათა გავიდეს სუპერ ფინალში.
თავისმხრივ „მილუოკი“ ძალიან მიუახლოვდა აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონობას. მათ ერთი გამარჯვება აშორებთ სუპერ ფინალში გასვლას. ბოლოს „მილუოკი“ ნბას სუპერ ფინალში 1974 წელს იყო.