„მე არ ვარ მე, მე სხვა ვარ…“
საინტერესო ისტორია, რომელიც შტუტგარტის თავდამსხმელმა სილას ვამანგიტუკამ მოჰყვა საკუთარ თავზე… კონგოელი ბუნდესლიგის ფეხბურთელია, საკმაოდ კვალიფიციური და შემთხვევით არაა, რომ უფრო ძლიერ კლუბებს აინტერესებთ. გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირზე ერთად აღებული).
ვამანგიტუკამ განაცხადა, რომ ყოფილმა აგენტმა სახელ-გვარი შეუცვალა, ასევე გადაუკეთა დაბადების თარიღი ოფიციალურ დოკუმენტებში. ფეხბურთელმა სიჩუმე დაარღვია – დროა, საზოგადოებამ სიმართლე გაიგოსო. ინფორმაცია გერმანულ გამოცემებში წერია, მათ შორის დოიჩე ველზე.
ფეხბურთელმა სამშობლოდან, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან კლუბ შტუტგარტის დახმარებით გამოითხოვა ოფიციალური დოკუმენტები და მიიღო. მისი ნამდვილი სახელია სილა კატომპა მვუმპა. ანუ, ვამანგიტუკა არასწორი და ყალბი გვარია. თანაც, ფეხბურთელი დაიბადა არა 1999, არამედ 1998 წელს. გაირკვა, რომ ყოფილმა აგენტმა მვუმპას პერსონალური მონაცემები გადაუკეთა, რათა 2017 წელს ანდერლეხტში გასინჯვაზე მიეყვანა.
იმ პერიოდში აგენტს კონგოდან პარიზში ჰყავდა წაყვანილი და როგორც ფეხბურთელი ამბობს, სრულ იზოლაციაში ამყოფებდა.
აი, რას ამბობს თავად მვუმპა (ვამანგიტუკა დავივიწყოთ): „ბოლო წლები შიშში გავატარე. ოჯახის გამო ვნერვიულობდი. საზოგადოებისთვის ამ ამბების მოყოლა მძიმე ნაბიჯი იყო და ვერც გავბედავდი, მაგრამ შტუტგარტში თბილი სიტუაცია დამხვდა, ეს კლუბი ჩემი მეორე სახლია. კლუბში მოვყევი ეს ყველაფერი და ახლა თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ“.