ჯანლუიჯი ბუფონმა გეგმებზე და ევრო-2020-ის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. სხვათა შორის, ჯიჯიმ მომავალი მუნდიალი ახსენა… თუმცა იქვე თქვა, მსოფლიოზე კიდევ ერთხელ თამაში ჩემთვის ოცნება უფრო არის, ვიდრე რეალობაო.
„რობერტო მანჩინიმ დაუჯერებელი სამუშაო ჩაატარა. 43 წლის ვარ, ასე რომ, ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ ვთქვა: „აქ ვარ, ნაკრებში გამომიძახეთ“. თუმცა ოცნება შემიძლია. წინ ხომ მსოფლიო ჩემპიონატია.
…რისთვის ვარ პარმაში? უპირველესად, სერია ა-ში დაბრუნება გვსურს. მერე კი ვნახოთ.
…ევრო-2020-ის ფინალს ბავშვებთან ერთად ვუყურე. არანორმალური სიხარული განვიცადე. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი-ოფში შვედეთთან რომ წავაგეთ, მაშინდელი სიმწრის ცრემლები სიხარულის ცრემლებად გადაიქცა. მეც ვტიროდი“.
შეგახსენებთ, ბუფონმა პროფესიული კარიერა სწორედ პარმაში დაიწყო. 1995-2001 წლებში იყო იქ და მერე გადავიდა იუვენტუსში. თუმცა მაშინ სუპერ-პარმა იყო: კანავარო, კრესპო, ვერონი, ტიურამი, ასპრილია, კიეზა, დინო ბაჯო და სხვები…