გაგა კირკიტაძე: ერთი კლუბის ბედი არ წყდება, მთელ საქართველოს წარმოვადგენთ

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გაგრა მონტენეგროს წარმომადგენელ სუტიესკას დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე მედიასთან გაგრას მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ ისაუბრა.

“ჩვენ ვნახეთ თუ რას წარმოადგენს მეტოქე, ფეხბურთელები ყველანი კარგ ფორმაში არიან. მხოლოდ თორნიკე მუმლაძე გვაკლია. ვიცით მეტოქის დადებითი და უარყოფითი მხარეები, საკმაოდ კარგი გუნდია და შევეცდებით მათი მინუსები გამოვიყენოთ.

მსგავს თამაშებს სტრესი ყოველთვის ახლავს. გასვლით მატჩზე 2 100%-იანი მომენტი გვქონდა. მოგეხსენებათ ლიგა 2-ში ვართ და ამ დონის თამაშების არქონა ზეგავლენას ახდენს. ზოგ მოთამაშეს ეროვნული ლიგაც არ აქვს ნათამაშები და გამოცდილების პრობლემა იყო. ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს იმისთვის, რომ ღირსეულად გვეთამაშა.

არ მინდა ტყუილი მოლოდინები გავაჩინო, ერთადერთი რასაც დაგპირდებით ის არის, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

კარგად ვიცით რამხელა მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრებს. გასვლაზე ბევრი მაყურებელი არ ყოფილა, თუმცა მაინც მოახდინა ამან გავლენა. მოედანზე გულანთებული გამოვალთ, აქ ერთი კლუბის ბედი არ წყდება, ჩვენ მთელ საქართველოს წარმოვადგენთ და ეს გათავისებული გვაქვს.

პროცენტულად შანსების შეფასებისგან თავს შევიკავებ. რეალისტი ვარ და მირჩევნია ფაქტებით ვისაუბრო.

დაარსების დღიდან ამ გუნდის წევრი ვარ, ჯერ როგორც ფეხბურთელი ეხლა როგორც მწვრთნელი. გაგრა საქართველოსთვის პრობლემატური რეგიონია, დიდი პასუხისმგებლობაა, რომ გაგრას ევროპაში საქართველოს სახელით წარმოვაჩენთ.”-განაცხადა გაგა კირკიტაძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *