კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 0:1 მარცხის შემდეგ, გაგრამ სუტიესკას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, გაგრამ 2 მატჩის ჯამში 1:2 წააგო და კონფერენს ლიგას გამოეთიშა.
პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი იყო. სტუმრები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
მეორე ნახევარი ბევრად საინტერესო გამოდგა. ანგარიში სტუმრებმა 51-ე წუთზე გახსნეს. ნიკოლა იანიჩი საჯარიმოში სამ მცველს ტექნიკურად გასცდა, ერთი ერთზე გავიდა და შეაგდო. ამის შემდეგ გაგრამ მოუმატა და რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია. გამოსარჩევია გურამ სამუშიას ეპიზოდი, გაგრას გარემარბი ერთი ერთზე გავიდა, მეკარე მოატყუა და დაარტყა, მისი დარტყმული კი მცველმა კუთხურზე მოიგერია.
გულ-ხელ დაკრეფილი არც სუტიესკა ყოფილა. ერთ ეპიზოდში სტუმრებმა ბურთი ძელს გაარტყეს, რამდენჯერმე კი მწვავედ შეუტიეს. რაც დრო გადიოდა, დაძაბულობა მატულობდა. სუტიესკას ეტყობოდა, რომ ეს ანგარიში ხელს აძლევდა და დაცვაზე ფიქრი დაიწყო.
86-ე წუთზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა. თამაზ მაქაცარიამ შორიდან ძლიერად დაარტყა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გოლმა გაგრას სტიმული მისცა და უფრო გააქტიურდა.
გაგრა კიდევ ბევრს ეცადა, თუმცა მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 1:1. მეორე ლიგის მონაწილე გუნდის კვალობაზე, კირკიტაძის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ევროპირველობაზე ღირსეულად გამოვიდა.