გაგრა საქართველოს უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა. 10 წლიანი პაუზის შემდეგ გაგრელები კვლავ საუკეთესოთა შორის იქნებიან.
პლეი-აუტში ქობულეთში შუქურასთან ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, გაგრამ შავი ზღვისპირელებს თბილისის ზღვის ბაზაზე უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე გაიტანეს. თამაზ მაქაცარიამ გურამ სამუშიას გაუკეთა გადაცემა, მანაც ლამაზი პასით მაქაცარიას დაუბრუნა ბურთი და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან შეაგდო.
ამის შემდეგ სტუმრები უფრო ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. გაგრასთვის მნიშვნელოვანი ანგარიშის შენარჩუნება იყო და გაგა კირკიტაძის გუნდმა ფრთხილი თამაში დაიწყო.
მეორე ტაიმში შუქურა გააქტიურდა და სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა კარგად ითამაშა დავით კერესელიძემ. ქობულეთელები შტურმზე გადავიდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
საბოლოოდ გაგრამ შუქურა 2 მატჩის ჯამში 1:0 დაამარცხა და საქართველოს უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.