გადადექი!.. მთელი ვალენსია სინგაპურელის წინააღმდეგ

ვალენსია-ბილბაო 1:3. ამხელა კლუბი ესპანურ ლა ლიგაში მე-18 ადგილზეა, ანუ ბოლოდან მესამეზე. ხეტაფემ თუ მოიგო, სულაც ბოლოსწინაზე გადავა. ეს უკვე საგანგაშოა, გავარდნაღა აკლია ვალენსიას…

გიორგი მამარდაშვილიც აშკარად ცოდოა ასეთ გუნდში. ის კი არა, მამარდა რომ არა, უარესად ექნებოდათ საქმე.

ყველაფერი რვა წლის წინ დაიწყო. კლუბი სინგაპურელმა პიტერ ლიმმა იყიდა და ბევრს ეგონა, ღამურებში დიდი ფეხბურთელები გადავლენო. დაპირება იცოცხლეთ: 300 მილიონი ევროს ინვესტიცია და ახალი სტადიონის აშენება.

უკუღმა დატრიალდა ყველაფერი: ლიმი გუნდის შემადგენლობას ყოველწლიურად ასუსტებს, ვინც გამოჩნდა, ყველა გაყიდა და სანაცვლოდ მაქსიმუმ 2-3 მილიონიანი ფეხბურთელები მიჰყავს.

ფანები ლიმს ვერ იტანენ. სამჯერ უკვე იყო დიდი საპროტესტო აქცია, გუშინ კი მეოთხე შედგა. ლა ლიგაში და ევროტურნირებზე რომ აიღო, მესტალიაზე არასოდეს ყოფილა ასეთ ცოტა მაყურებელი, როგორც გუშინდელი მატჩის მე-19 წუთამდე. მხოლოდ 9 000-მდე ადამიანი იჯდა ტრიბუნაზე, 25 000 ადამიანი კი სტადიონის გარეთ იდგა, ლიმის საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ და ხმამაღლა მოუწოდებდნენ წასვლისკენ.

მე-19 წუთიდან კი სტადიონზე შევიდნენ. იქ კარგი არაფერი უნახავთ, მორიგი წაგება… მე-19 რატომ? სიმბოლურად. ვალენსია 1919 წელს დაარსდა.

სინგაპურელი კი არ ჰყიდის კლუბს და სეგუნდა დივიზიონისკენ მიჰყავს. გარდა იმისა, რომ თანხას არ ხარჯავს, უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს მწვრთნელების მხრივ: ბორდალასმა სუსტი შემადგენლობით ფინალში გაიყვანა ვალენსია და ერთ თვეში მოხსნეს…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *