გავიდა და გაიყოლა… (იაპონური კროსვორდივით ჩახლართული)

ორივენი გავიდნენ. ესპანეთმა წააგო იაპონიასთან და წაიყოლა მერვედფინალში. გერმანია კი ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის ჯგუფში.

ამ თამაშზე რა შეიძლება დაიწეროს? ესპანეთი იგებდა მორატას თავურით და პირველი ტაიმი ისეთი იყო, ბევრი იფიქრებდა, ლუის ენრიკეს გუნდი იოლად გაიმარჯვებსო. თუმცა დაიწყო მეორე ნახევარი და 6 წუთში იაპონია იგებდა…

ჯერ იყო, შეცვლაზე შესულმა დოანმა შორიდან დარტყმით გაიტანა, მერე კი ტანაკამ ახლოდან დასწრებაზე შეაგდო. ისე, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო და ეს გამოჩნდა: მიტომამ ბურთი გადასულიდან შემოატრიალა და ტანაკამაც ისე გაიტანა – 2:1. 

სწორედ ამ დროს სასწაული დაიწყო ჯგუფის მეორე შეხვედრაში, სადაც კოსტა-რიკა დაწინაურდა გერმანიასთან. და რამდენიმე წუთით იყო მდგომარეობა, რომ ესპანეთიც ვარდებოდა და გერმანიაც… იქ საბოლოოდ ჰანსი ფლიკის გუნდმა იმარჯვა, მაგრამ არ ეყო, რადგან იაპონიამ ბოლომდე მიიყვანა საქმე და პირველ ადგილზე გავიდა.

ესპანელებს ჰქონდათ ორიოდე მომენტი, მაგრამ ეს არ იყო ის ესპანეთი, კოსტა-რიკასთან და კიდევ, გერმანიასთან პირველ ტაიმში რომ ვნახეთ.

გათვლა? ესპანეთი ჯგუფში მეორეზე რომ გავიდა, ახლა მერვედფინალში ხორვატიის ნაცვლად მაროკოს ხვდება და კიდევ, მეოთხედფინალში თუ გავა, იქ პოტენციურად ასცდება ბრაზილიას: ასე რომ, ამ ჯგუფში მეორეზე გასვლა თითქოს უფრო მომგებიანიც იყო, ვიდრე პირველზე…

საუკეთესო

რიცუ დოანი… ისევ მაგრად შევიდა შეცვლაზე. შევიდა და გაიტანა. ისედაც ხშირად ამწვავებდა თამაშს.

იაპონია – ესპანეთი 2:1

გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *