ამერიკელებს ირანზე უკეთესი გუნდი ჰყავთ და ლოგიკურად გავიდნენ მერვედფინალში, სადაც ფავორიტები აღარ იქნებიან: ნიდერლანდებს შეხვდებიან.
აშშ-მ სწრაფი და აგრესიული შეტევები იცის, კონტრშეტევებიც მაგრად ეხერხება და ირანს გაუჭირდა. დესტის ჩაწოდებულ ბურთს პულიშიჩმა დასწრებაზე სწორი მიმართულება მისცა და ასე გავიდა ერთადერთი გოლი – 1:0.
პულიშიჩმა გაიტანა, გაიტრავმა და შესაცვლელიც გახდა.
მეორე ტაიმში ირანელებმა ვერ მოუმატეს, არ ჰქონდათ ფანტაზია და ისიც ჩანდა, რომ ამერიკელთა ტემპს ვერ უძლებდნენ. მხოლოდ ბოლო 10-15 წუთი შეუტიეს აზიელებმა და ოროი მომენტიც შექმნეს… ჯერ თავური ააცილეს, მერე კი ახლოდან ვარდნაში ვერ მოახერხეს გატანა: ამერიკელთა მეკარე ტერნერმაც კარგად ითამაშა. ირანელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა გამოჩნდა, რომ უსაფუძვლოდ.
ირანისთვის ეს მეექვსე მუნდიალი იყო და ჯგუფიდან არასოდეს გასულან. ასე ახლოს არც ყოფილან: ერთი გოლი დააკლდათ.
საუკეთესო
იუნუს მუსა. იუბილარმა დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. მატჩის დღეს 20 წლის გახდა. ამერიკელთა ცენტრალურმა ნახევარმცველმა კარგი მატჩი ჩაატარა, ვალენსიაშიც ტყუილუბრალოდ არ ჰყავთ.
ირანი – აშშ 0:1
გოლი: 0:1 პულიშიჩი (38)