გამიხარდებოდა და გამიხარდებოდა

დამთავრდა ძალიან მაგარი და ძალიან უცნაური ჩემპიონატი. მარტო ის რად ღირს, რომ 2020 წლისა იყო და 21-ში ჩატარდა, მაგრამ ამას შევეშვათ. ეს ბევრჯერ ითქვა.

დამთავრდა ჩემპიონატი, რომელშიც გაიმარჯვა უძლიერესმა გუნდმა. ამ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი… მარცხენა მცველი იყო და იმასაც ორ მთავარ შეხვედრაში (ნახევარფინალში და ფინალში) არ უთამაშია. ამას ირონიით არ ვამბობ, მართლა ასე იყო.  არადა, გამარჯვებულ გუნდებს ჩვეულებრივ ან თავდამსხმელი უბრწყინავთ ან შემტევი ნახევარმცველი. ბოლოს და ბოლოს ცენტრალური მცველი. მოკლედ, ის ფეხბურთელი, ვინც მოედანს ასე თუ ისე მთლიანად ფარავს ან გოლები გააქვს, აქ კი… ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მარცხენა მცველმა დატოვა.

No description available.

და კიდევ: უეფამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ამ გუნდის მეკარე დაასახელა.

ახლა მოდი, ინგლისთან, ფინალში გატანილი გოლი გავიხსენოთ. ბონუჩი რომ ანგარიშს ათანაბრებს, იმ მომენტის ფოტო ხომ გინახავთ? კადრში ჩანან პოზიციადაკარგული ინგლისელები და… მეტოქის კართან შევარდნილი ორი იტალიელი ცენტრალური მცველი, კიელინი და თვითონ ბონუჩი. როგორია? იქ წესით თავდამსხმელები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მცველები იყვნენ, თავიანთი ადგილიდან 100 მეტრის მოშორებით…

ვფიქრობ, რომ ამ ჩემპიონატზე სწორედ ეს იყო იტალიის ნაკრების მთავარი კოზირი. რობერტო მანჩინიმ სკუადრა აძურას ხვალის ფეხბურთი ათამაშა — ძნელად წარმოსადგენი უნივერსალიზმი გვაჩვენა. ვინ იყო იტალიელების საუკეთესო ფეხბურთელი? მარცხენა მცველი. ვინ იყო ყველაზე წინ? ის ვინც ყველაზე უკან უნდა ყოფილიყო. თავს სად იცავდნენ ფეხბურთელები? მეტოქის საჯარიმო მოედანთან და ასე შემდეგ.

ძველი თაობის ხალხს ემახსოვრება ოდესღაც ძალიან პოპულარული ფრანგული ფილმი „ფანფან ტიტა“. იქ, მეფე ჭოგრიტით გაჰყურებს ბრძოლის ველს და კითხულობს:

 

UEFA EURO 2020, Italy vs England Highlights: Italy beat England on  penalties to win second European Championship title - The Times of India

– სად არის ჩვენი მარცხენა ფრთა?

– მარჯვნივ, სირ.

– და მარჯვენა ფრთა მარცხნივაა?

– არა, სირ, ცენტრში.

შესაბამისად ირკვევა, რომ ცენტრი მარჯვნივ დაუყენებიათ, ბოლოს კი მტერი ტრიალდება და ბრძოლის ველიდან მიდის, რაზეც მეფე ძალიან ბრაზდება, მტერმა გვიღალატაო.

მაშინ მარჯვენა ფრთის მარცხნივ დაყენება და მარჯვენას ცენტრში გადაყვანა სასაცილოდ გვეჩვენებოდა, მაგრამ ახლა, ომში ვერაფერს მოგახსენებთ და ფეხბურთში ამას ბოლო სიტყვა ჰქვია.

ვბედავ და ვიმეორებ, რომ დიდი შანსია რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებმა, არც მეტი-არც ნაკლები, მომავლის ფეხბურთის მოდელი გვაჩვენა.

იტალიამ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

სუსტებსაც მოუგო და ძლიერებსაც. დასამტკიცებელი არაფერი დარჩენია.

სკუადრა აძურამ (ესპანეთთან ერთად) ყველაზე მეტი გოლი გაიტანა!

ძირითად დროში, დამატებითში თუ პენალტებით ყველა თამაში მოიგო.

თავად ჩემპიონატი კი როგორც კოვიდ-წელიწადს შეეფერება, ისეთი გიჟური გამოვიდა.

ინფარქტით დაიწყო და უემბლიზე ოცი ათასი უბილეთოს შეჭრით დამთავრდა.

Euro 2020: Italy fans in the North West celebrate win - BBC News

არა, უფრო სწორედ, დამთავრდა ინგლისელი ფანების მიერ იტალიელების ცემით, თქვენმა ნაკრებმა ჩვენსას რატომ მოუგოო.

მაგრამ, მაინც ძალიან კარგი იყო. დაშხოშიანი. სხვისი არ ვიცი და მე ძალიან ვისიამოვნე.

P.S. ყველაფრით ვისიამოვნე. ყბამოტეხილი დე ბრუინის დიდი ფეხბურთით დაწყებული ოლმოს და პედრის საუცხოო თამაშით დასრულებული.

P.P.S. აი, ჩრდილოეთ მაკედონიის მაგივრად საქართველო რომ ყოფილიყო, ეს ხომ გამიხარდებოდა და გამიხარდებოდა.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *