გამოცდილება კარში მოდის!

მე არ ვიცი ათამაშებს თუ არა გიორგი მამარდაშვილს ხოსე ბორდალასი კვირას ბარსელონას წინააღმდეგ, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ათამაშოს და ჩვენმა მამარდამ დაგლიჯოს.

ვახ, როგორი ძნელი საქმე გამოდგა მეკარის გულშემატკივრობა. ასე, ცალკე აღებული მეკარისთვის არასდროს მიქომაგია. ყოველ შეხვედრაში, რომელშიც ვალენსიას კარს გიორგის ანდობენ, მე ჩემი მემართება, მაგრამ ჯანდაბას დამემართოს.

მამარდას თამაშზე ყველანი რომ ვნერვიულობთ, სოციალური ქსელებიდან ჩანს. ამასწინათ, კომენტარებს ვკითხულობდი და ვნახე, როგორ ამტკიცებდა არცთუ ცოტა ადამიანი, რომ გიორგის ძირითად შემადგენლობაში თამაში ჯერ ადრეა და სჯობია ბორდალასმა არ იჩქაროს, კარგად მოამზადოს და მოედანზე მაშინ გამოიყვანოს, ჩამოყალიბებული მაღალი კლასის გოლკიპერი რომ გახდება. ვკითხულობდი ამ კომენტარებს და უცებ, ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ცამდე მართალი ხალხი თავდაცვის მექანიზმს ეძებდა. ისინი, როგორც ქართველი პატრიოტები მამარდას ყოველ გამოჩენაზე ჩემი არ იყოს ნერვიულეობენ და უნდათ ჩვენი ბიჭი კარში მხოლოდ იმ დღიდან დააყენონ, როდესაც მას შეცდომა აღარ მოუვა.

Valencia buy Mamardashvili - Sports Finding

იყო მოსაზრება იქნებ, ჯერ ქვედა ლიგაში ათამაშონ და დიდი გუნდის კარში მერე დააყენონო. პირადად მე ვერ ვხვდები რით ჯობია ქვედა ლიგაში თამაში ლა ლიგაში თამაშს. მაშინ, მოდი ასე დავსვათ კითხვა: გიორგი თავდამსხმელი რომ იყოს, იტყოდა ვინმე ძლიერ გუნდებთან რატომ ათამაშებენ, ჯერ დაბალ ლიგაში ათამაშონო? ალბათ, არა. პირიქით, იტყოდნენ კიდევ ათამაშეთ, იქნებ რეალს და ბარსელონას გაუტანოს, ქართველი გულშემატკივარი გაგვახაროსო. მაგრამ, გიორგი მეკარეა და ძაღლის თავიც აქ არის დამარხული. ყველა შიშობს გამოუცდელობის გამო გოლი არ გაუშვას და ქართველ გულშემატკივარს გული არ დაწყვიტოს. მაგრამ, რა ვქნათ, თუკი საუკეთესო გამოცდილება იქ მოდის, სადაც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება რომ მამარდაშვილი „აშარაშკინა კანტორაში“ კი არ არის (დიდი ნოდარ ახალკაცისგან არაერთხელ გამიგია ეს გამოთქმა), ვალენსიაშია, სადაც მოდი ასე ვთქვათ, საქართველოზე არანაკლები სპეციალისტები მუშაობენ და თუ ბიჭს ცოტა ხნით დიდი საფეხბურთო ორომტრიალისგან გარიდება და დასვენება დასჭირდება, ამასაც მიხვდებიან. ერთხელ უკვე გაარიდეს.

გიორგი მამარდაშვილი ნიჭიერი მეკარეა. დიახ, გამოცდილება სჭირდება, მაგრამ განა არსებობს რამე, რასაც გამოცდილება არ სჭირდება? მე ამ დარგის დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ არიან მეკარეები, რომლებიც ასაღებს იღებენ და გასაშვებს უშვებენ. ჩემი აზრით, გიორგი ასეთი არ არის. მას აქვს პოტენციალი გამორჩეული მეკარეებივით „მკვდარი ბურთები“ ჩამოხსნას, სტანდარტულ თამაშში კი კარგი გაწაფვა სჭირდება და ეჭვი არ მეპარება, რომ ვალენსიაში ამაზე ბევრს ამუშავებენ. ამიტომ, მძაფრი რეაგირება არც იმაზეა საჭირო, თუკი პერიოდულად არ ათამაშებენ და არც იმაზე, თუკი ათამაშებენ.

 

Young Georgian goalkeeper Giorgi Mamardashvili among - Report.ge

კიდევ, რა თვისება შევამჩნიე იცით მამარდას? ხალხის გულს — ჩემი ჩათვლით — იოლად იგებს. ეს დიდებულია, ძალიან გამოადგება. როგორ ეძახდნენ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოში ვალენსიელი ბავშვები ავტოგრაფი მოგვეციო? პრესაში ბევრი ჟურნალისტი მის მხარდასაჭერ წერილებს წერს. როგორც ვატყობ, ფანებსაც უყვართ.

და კიდევ, დიდი იმედი მაქვს, რომ მამარდა იღბლიანი კაცია. თავად განსაჯეთ, ლა ლიგაში ჯერჯერობით სულ რვაჯერ ათამაშეს და აქედან სამ შეხვედრაში ვალენსიამ გოლი არ გაუშვა. და სულ რამდენ შეხვედრაში არ გაუშვა გუნდმა გოლი? ოცდაოთხიდან ექვსში… ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ის უკვე სილესენზე ძლიერი მეკარეა, უბრალოდ ეს სტატისტიკა მომწონს და დიდი იმედი მაქვს, რომ იღბალი ჩვენს ბიჭს ზურგს არასდროს შეაქცევს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *