გაშალეთ თითები, არ გინდათ ნიჩურტა

რა მინდა იცით, გითხრათ? დიეგო მარადონამ 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში, მთელი ინგლისის ნაკრები რომ მოატყუა და გოლი გაიტანა ხომ გახსოვთ? ვინც მაშინ დაბადებული არ იყო ან პატარა იყო, მას ჩანაწერი მაინც ექნება ნანახი. მოკლედ, ის მომენტი ყველამ ვიცით და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო გენიოსის გაბრწყინება.

Diego Maradona in der Taktikanalyse: Was hat ihn als Fußballer ausgemacht? - DER SPIEGEL

სიტყვა გენიოსი ტყუილად არ მიხსენებია. თან, ძველი მნიშვნელობით ვამბობ. მერე, როდესაც მსოფლიო კომერციამ დაიპყრო და ტირაჟის გასაზრდელად მედიაში ყველასა და ყველაფერზე გენიოსისა და გენიალურის თქმა დაიწყეს, მან უფრო ნიჭიერის ან ძალიან ნიჭიერის მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ მე მეოცე საუკუნიდან ვარ და სულ რამდენიმე კაცი მგონია გენიოსი — ძალიან ნიჭიერებთან შედარებითაც ძალიან ნიჭიერები. იმ დღეს, მარადონაზე ლაპარაკისას ლუჩანო სპალეტიმ ფილოსოფოსის ნათქვამი გაიხსენა: ნიჭიერი ის არის, ვინც იმას აკეთებს რის გაკეთებაც სხვებს არ შეუძლიათ, გენიოსი კი ის, ვინც იმას აკეთებს რასაც სხვები ვერ ხედავენო.
მარადონა გენიოსი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმას, რაც ინგლისთან გააკეთა ყოველდღე აკეთებდა. ის ყოველდღე ძალიან ძლიერად თამაშობდა, ხშირად მცირე შედევრებს ქმნიდა, უფრო იშვიათად დიდ შედევრებს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ის მეოთხედფინალი ერთხელ იყო.

Highlights of UEFA Champions League-Xinhua

ახლა, ეს რატომ ვთქვი. ადამიანის გონება გაზვიადებისკენ არის მიდრეკილი. გადის დრო და ასე გვგონია, ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი ყველა თამაშს არნახული შთაგონებით თამაშობდა, არადა ასე არ ყოფილა. ვერც ჩვენი საყვარელი გუნდი იგებდა უკლებლივ ყველა შეჯიბრებას და ყველა თამაშს. არც ჩვენი საყვარელი მხატვრის ყველა ტილოა შედევრი და არც ჩვენი საყვარელი კომპოზიტორის ყველა ნაწარმოებია უკვდავი. გენიოსები კი იმიტომ გამახსენდა, რომ მათ მაგალითზე თვალსაჩინოდ შეიძლება ლაპარაკი. ჩვენი ხვიჩა ავიღოთ — ვარსკვლავი, რომელიც ჯერ გზის დასაწყისშია. მან ამ სამ თვეში ისეთი რაღაცები აკეთა, რომ ჩვეულებრივად ძლიერ თამაშს აღარ უთვლიან. „ნიჩურტა“ უჭირავთ. მაინცდამაინც სასწაული უნდა მოახდინოს. აგერ, ენფილდზე ლივერპულთან(!) თამაშის შემდეგ ერთ იტალიურ გაზეთში რა წავიკითხე: კლოპი ჭკვიანია, იცოდა კვარასგან რა ხიფათიც ელოდა და ორი კაცი ხომ ზედ მიაწება, ხშირად მესამეს და მეოთხეს აშველებდა, ამიტომ ქართველი ისე გაიჭედა, როგორც მანქანა საცობში, მაგრამ მეტოქის კართან რამდენიმე ხიფათი მაინც შექმნაო. თუმცა, სასწაული ვერ გააკეთა და ამიტომ 5,5 ქულა მაგასო.

Liverpool keeping close tabs on Napoli starlet Khvicha Kvaratskhelia

ნუ, ეს ბოლო სიტყვები სასწაულთან დაკავშირებით ასე პირდაპირ არ ეწერა, მაგრამ ამას გულისხმობდნენ. მე კი გამიკვირდა და მომინდა ჩემი გაკვირვება გაგიზიაროთ: დალოცვილო, ერთმა ფეხბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში ოთხი მეტოქე თავის გარშემო თუ დააბა, დანარჩენი ათი შვიდის წინააღმდეგ დარჩენილა და 0:2 როგორ წააგეს? არ მიყვარს ჯიბრიანი ლაპარაკი, მაგრამ მოდი ამ ერთხელ ვიტყვი: როგორ წააგეს და ხვიჩა მოედნიდან რომ გაიყვანეს ის ორი გოლი მერე გავიდა — როდესაც ჩვენი ბიჭის დაბმულმა ოთხეულმა იმ შვიდის დასახმარებლად მოიცალა.
მესმის, ვაჭარბებ, მთლად ასე არ არის, მაგრამ… ნაწილობრივ ხომ არის ასე? ამიტომ, ვფიქრობ როდესაც კვარა მეტოქის ნახევარ გუნდს ერთ ადგილზე მიაჯაჭვავს, ეს ქართველმაც და იტალიელმაც კარგ თამაშად უნდა ჩაუთვალოს და არ უნდა უსაყვედუროს მეტოქის კარში კენწვლა-კენწვლით რატომ არ შეირბინეო. თუ არა და მაგის დროც დადგება. აგერ თქვენ და აგერ მე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *