“გგონიათ, ესენი მომიგებდნენ?..” (პლუს, ტაისონი-მარადონას ისტორიები)

„მართლა გგონიათ, რომ ან უსიკი, ან ჯოშუა ჩემს საუკეთესო წლებში მომიგებდნენ?“ –  ეს ლეგენდარულმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა თქვა…

ტაისონი 55 წლისაა და მისი გამონათქვამები და ძველი ამოქექილი ამბები ისევ ძალიან პოპულარულია. რა გასაკვირია, ტაისონმა ხომ ეპოქა შექმნა ოთხმოციანი წლებიდან.

რკინის მაიკს ჰკითხეს, თუ ვინაა მისი ფავორიტი UFC-დან და ბრაზილიელი როის გრეისი დაასახელა. ის UFC-ის დიდების დარბაზშია.

„როის გრეისი სულ მიყვარდა. ის იყო დავითი, რომელიც გოლიათებს უგებდა“ (Full Send Podcast)

და რინგს მიღმა? აქ მაიკ ტაისონისა და დიეგო მარადონას გადაკვეთებზე დავწერთ. 2005 წელს რკინის მაიკი ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ოპერატორზე თავდასხმისთვის დაჰკითხეს. იმ დროს მაიკი ძალიან პოპულარული იყო და თან ოდიოზური – მასზე იშვიათად წერდნენ კარგს და თავად მოკრივე იძლეოდა ამის საბაბს.

და ტაისონი ბრაზილიაში ჩავიდა არგენტინის ნაკრების მაისურით… თანაც, დიეგო მარადონას ავტოგრაფით. მაისურზე ეწერა: „მაიკს დიდი სიყვარულით“.

ტაისონმა ამით ბრაზილიელები გააბრაზა – აი, თქვენი უპირველესი და უპრინციპულესი მეტოქის მაისური მაცვიაო.

ტაისონი და მარადონა ერთმანეთს კომპლიმენტებს უძღვნიდნენ, თუმცა რეალურად საკმაოდ გვიან გაიცნეს ერთმანეთი – 2005 წელს. ტაისონი არგენტინაში ჩაფრინდა მარადონას თოქ-შოუში მონაწილეობის მისაღებად. არის კადრები, როგორ ჰყავს ამერიკელს ხელში აყვანილი დიდი დიეგო…

ტაისონი და მარადონა – ისინი ჩემპიონები იყვნენ ღარიბი ოჯახებიდან. ბევრი რამ ჰქონდათ საერთო და ერთი საინტერესო დამთხვევაც, რაზეც რკინის მაიკმაც თქვა დიეგოს გარდაცვალების შემდეგ.

„ღმერთის ხელი! მარადონამ დაგვტოვა. ორივენი პირველად 1986 წელს გავხდით მსოფლიო ჩემპიონები. ჩვენ ერთმანეთს გვადარებდნენ. დიეგო ჩემი ერთ-ერთი გმირი იყო. ძალიან მომენატრება“.(ტაისონის Twitter)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *