უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა დევისის თასის 1/4 ფინალური დაპირისპირება გერმანიას და დიდ ბრიტანეთს შორის.
პირველები კორტზე დენ ევანსი და პიტერ გოიოვჩიკი გავიდნენ. ბრიტანელი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა, თავბრუ დააახვია მეტოქეს ლამაზად გათამაშებული კომბონაციებით და 57 წუთში 6:2 6:1 იმარჯვა.
მეორე ეტაპზე უკვე სათამაშოდ კამერონ ნორი და იან ლენარდ შტრუფი გამოვიდნენ. ფავორიტად ბრიტანელი ითვლებოდა, რომელმაც შეხვედრა ცუდად დაიწყო და 0:3 ჩამორჩა მეტოქეს. კამერონი დროულად გამოფხიზლდა – ორჯერ აიღო იანის ჩაწოდება და სეტის მიწურულს მოგების კარგი შანსიც ქონდა – 6:5. შტრუფმა გაიბრძოლა – მე-12 გეიმში უკუბრეიკი შეასრულა და პარტია ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც გერმანელმა 2 სეტპოინტი მოიგერია, გაუძლო წნეხს და პირველივე შანსისთანავე სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა 8:6.
მეორე პარტიაში ნორი უკვე აღარ უშვებდა ბავშვურ შეცდომებს, სათამაშო დისწიპლინაც გამოასწორა და მე-6 გეიმში შესრულებული ბრეიკის წყალობით 31 წუთში სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა 1:1 (6:7 6:3).
მესამე, გადამწყვეტი პარტია უკვე შტრუფის უპირატესობით წარიმართა, რომელმაც პირველ რიგში ფიზიკურ გამძლეობაში დაჯაბნა მეტოქე და 6:2 იმარჯვა. საბოლოოდ 7:6 3:6 6:2 იან ლენარდ შტრუფის რთული გამარჯვება და გერმანიამ ანგარიში გაათანაბრა 1:1.
ნახევარფინალისტის ვინაობა წყვილთა თანრიგის მოთამაშეებს უნდა გაერკვიათ – კევინ კრავიცის და ტიმ პუეცის დუეტი ჯო სალსბერის და ნილ სკუპსკის წინააღმდეგ.
ორივე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა – პირველ შემთხვევაში ბრიტანულმა წყვილმა 4 სეტბოლი ვერ გამოიყენა და დათმო „საჩოგბურთო ლატარეა“, მეორე სეტის ტაიბრეიკზე კი ისინი 5:0-ს იგებდნენ, თუმცა ხელიდან გაუშვეს ეს კოლოსალური უპირატესობა და მატჩიც წააგეს 6:7 6:7.
გერმანიამ დიდ ბრიტანეთს 2:1 მოუგო და 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა დევისის თასის ნახევარფინალში, სადაც რუსეთ/შვედეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალშია გასული ასევე ხორვატიის ნაკრები, რომელმაც 1/4 ფინალში იტალიას 2:1 სძლია.