რამდენიმე ტურის წინ გერმანია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში სომხეთს ჩამორჩებოდა, წუხელ კი ევროპის ზონიდან პირველმა მოიპოვა ყატარის მონდიალის საგზური. გერმანიამ გუშინ ჩრდილოეთ მაკედონიაში მასპინძლებს 4:0 გადაუარა და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი შეიქნა.
ამრიგად, 8 ტურის შემდეგ ბუნდესმანშაფტმა 7 მოგების და ერთი წაგების შედეგად 21 ქულა მოიპოვა და თავი ქუდში აქვს. ის ერთადერთი, მოულოდნელი წაგება გერმანელებმა მარტში სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიისგან იწვნიეს, თან შინ, დუისბურგში — 1:2.