გერმანიის სენსაციური გამარჯვება სერბეთთან

დევისის თასზე საკმაოდ ხშირია სენსაციური შედეგები და გამონაკლისი არც 2021 წლის ფინალური ტურნირია. ალექსანდრ ზვერევის გარეშე მოასპარეზე გერმანიის ნაკრებმა მოულოდნელად დაამარცხა სერბეთის ნაკრები და ჯგუფში ლიდერობა მოიპოვა.

პირველები კორტზე დომინიკ კოფერი და ფილიპ კრაინოვიჩი გამოვიდნენ. გერმანელმა ჩოგბურთელმა ორ სეტში იმარჯვა 7:6 6:4 და საკუთარი ქვეყანა დააწინაურა 1:0.

მეორე შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა საკმაოდ იოლად, 74 წუთში 6:2 6:4 სძლია იან ლინარდ შტრუფს და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

დაპირისპირების ბედი წყვილთა თანრიგის მატჩს უნდა გადაეწყვიტა – კრავიცი/პიუცის დუეტი ჯოკოვიჩი/ჩაჩიჩის ტანდემის წინააღმდეგ.
პირველი სეტის სტარტზე წყვილებმა 2-2-ჯერ გაცვალეს ბრეიკები, გადამწყვეტ უპირატესობას კი ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია. ტაიბრეიკზე ოდნავ უკეთესად გერმანელები გაისარჯნენ და 7:5 იმარჯვეს.

მეორე პარტიაში, მე-8 გეიმში ჯოკოვიჩმა მიღებაზე ბრწყინვალედ ითამაშა და ფაქტიურად მარტომ დააბრეიკა მეტოქეები, რასაც სეტზე წარმატებული ჩაწოდება მოყვა და ანგარიშიც გათანაბრდა 1:1 (6:7 6:3).

მესამე, გადამწყვეტ პარტიაში სერბებმა ადრეული ბრეიკი შეასრულეს და 3:1 დაწინაურდნენ. გერმანელები დროულად გამოფხიზლდნენ და მე-8 გეიმში წონასწორობა აღადგინეს 4:4.

გამარჯვებული ბედი ისევ ტაიბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც გერმანულმა წყვილმა ისევ უკეთესად ითამაშა „საჩოგბურთო ლატარეა“ ამჯერადაც 7:5 მოიგო.

საბოლოოდ 7:6 3:6 7:6 – გერმანიამ 2:1 სძლია სერბეთს და ჯგუფში გალიდერდა. დღეს გერმანელები ჯგუფის მასპინძლებს – ავსტრიელებს ეთამაშებიან და თუ მათაც მოუგებენ, პლეიოფში პირველი ადგილით გავლენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *