უკვე ერთი წელია, რაც გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელია. ამ პერიოდის განმავლობაში იყო ბევრი კარგი და ცუდი მომენტი. წარმატებები ევროტურნირებზე, ბევრი კარგი თამაში ელიგაში, წელს ევროტურნირებს მიღმა დარჩენა, ჭიაბრიშვილის დისკვალიფიკაცია…
ლოკოს მთავარ მწვრთნელს საგურამოს ბაზაზე ვესტუმრეთ და რამდენიმე საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. საუბარმა ლოკომოტივის განვლილი და გასავლელი გზა, გურამ კაშია, საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატი და კიდევ არაერთი თემა მოიცვა.
– რამდენად რთული იყო თქვენთვის ის პერიოდი, როცა დისკვალიფიცირებული იყავით?
– ჩემთვის თვითონ ფაქტი იყო ცუდი, რომელიც შინაგანად ძალიან განვიცადე. რაც შეეხება პროფესიონალურ კუთხეს, მე ძალიან ძლიერი სტაფი, მყავს, რომელმაც არ მაგრძნობინა თამაშის დროს ჩემი არყოფნა.
– 1 წელია, რაც ლოკომოტივში მუშაობთ, ეს პერიოდი რომ მიმოვიხილოთ…
– ეს ჩემთვის ძალიან რთული პროცესი იყო. ლოკომოტივის თამაში აზრობრივად ცოტა სხვანაირი იყო და მწვრთნელებიც მეტ წილად ისე ირჩეოდა, რომელიც ამ თამაშს ალაგებდა. ყველაზე მეტად სათამაშო სტილის შეცვლა გამოგვივიდა. ჩვენ გვსურს, რომ ყოველთვის პირველ ნომრად ვითამაშოთ. ამის დალაგებას წლების სჭირდება, თუმცა მალე მოვახერხეთ. რაღაც კონტურები ჩანს და ჩემპიონატშიც პირველ ნომრად მოთამაშე გუნდად გვიცნობენ. პირველ ნომრად თამაშს დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო კარგად დავხვეწავთ.
– ელოდით, რომ ესე მოკლე დროში მიაღწევდით ამ შედეგს?
– ჯერ კიდევ შორს ვართ მიზნისგან. ლოკომოტივი არასდროს ყოფილა ყრუ დაცვიდან მოთამაშე გუნდი, ყოველთვის შუალედური თამაში ჰქონდა, რამაც საქმე გამიადვილა. ვიცოდი რა ფეხბურთელები მხვდებოდნენ, ლოკომოტივი ყოველთვის გუნდურობით გამოირჩევა, ამან ძალიან გამიმარტივა საქმე. ლოკომოტივს აქვს იმის რესურსი, რომ დიდი საქმეები გააკეთოს.
– დიდ საქმეებში რას გულისხმობთ? ჩემპიონობას თუ ევროტურნირებზე წარმატების მიღწევას?
– ორივეს. ჯერ პირველია როცა შენ ქვეყანაში საუკეთესო ხდები. შეიძლება კარგი გუნდი იყო, მაგრამ რაღაც გაკლდებოდეს და მიზანს ვერ აღწევდე. ჩემპიონობა დღეს იქნება, ხვალ თუ ზეგ, ამას დრო გვიჩვენებს. ვფიქრობ ამ გუნდს შეუძლია მიზნად გრძელ ვადიანი პროგრამა დაისახოს და შეასრულოს. ეს უნდა იყოს ჩემპიონობა და ევროტურნირებზე ჯგუფში შესვლა. ჩემგან დანახული წარმატება სწორედ ეს არის.
– დღეს რა არის ლოკომოტივის მიზანი?
– გვსურს სამეულში გავიდეთ და გაისად ევროტურნირებზე ვითამაშოთ. ძალიან გული მწყდება, რომ წელს ამისგან ვისვენებთ. ფაქტობრივად გორის დილასთან ერთმა თამაშმა გადაწყვიტა ჩვენი ამბავი. ამ მატჩს მოუმზადებლად შევხვდით, ბევრ ფეხბურთელს კოვიდი ჰქონდა, რამაც სიტუაცია გაგვირთულა. მგონია, რომ წელს ევროტურნირებზე ბევრად უკეთ ვითამაშებდით, ვიდრე სხვა, რადგან შარშან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ. წლევანდელმა. იმედია გამოცდილებას შევიძენთ და ზედიზედ რამდენიმე წელი ევროტურნირებზე ვითამაშებთ.
– თქვენს თავს თუ ატყობთ ამ ერთი წლის განმავლობაში წინსვლას?
– მწვრთნელი ყოველ დღიურ მუშაობაში იზრდება. 1 წელი თუ წინ არ წავედი და ჩემს თავს რაღაც არ შევმატე, დიდი პრობლემაა. ადამიანი ყოველ დღე რაღაც გამოცდილებას იძენს რა პროფესიაშიც არ უნდა იყოს. მეც ასე ვარ. ვფიქრობ ამ პერიოდში ჩემში რაღაცეები შეიცვალა და პროგრესი განვიცადე.
– გუნდში რამდენიმე თვე გურამ კაშია თამაშობდა, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის მასთან მუშაობა?
– კაშია თავისი საქმისადმი მიდგომით და განვლილი საფეხბურთო ცხოვრებით ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითოა. ძალიან დიდი კომფორტია, როცა ამ დონის ფეხბურთელი გყავს გუნდში. ჩემი გუნდი ყოველთვის ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, ასეთი დონის მოთამაშეებთან მუშაობის ფუფუნება აქამდე არ მქონია. გურამი ძალიან სამაგალითო იყო მოედნის მიღმაც, როგორ იკვებებოდა, როგორ ემზადებოდა თამაშებისთვის, ფეხბურთელებთან ბევრს საუბრობდა, იმაზე რომ საქართველოში ინდივიდუალურ მომზადებას დროს არ უთმობენ. ჩვენთან ამის დეფიციტი არ არის, თუმცა გურამი სხვანაირად აკეთებდა და ამას ასწავლიდა ბიჭებს. ეს დეტალები ფეხბურთში ბევრ რამეს ქმნის.
– მამარდაშვილზე მინდა გკითხოთ, რომელიც ლოკომოტივიდან ვალენსიაში გადავიდა, რაც პატარა ამბავი არ არის. თქვენი აზრით, რის ხარჯზე მიაღწია ამას?
– გიორგის პროგრესი მუდმივი სათამაშო პრაქტიკის დამსახურებაა. მან ეროვნულ ლიგაში ყველა თამაში ითამაშა, პლუს ევროტურნირებზე კარგად წარმოაჩინა თავი. ლოკომოტივში მეკარეების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძეა, რომელთან მუშაობაც მას ძალიან დაეხმარა. იმას ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ლოკომოტივში გაიზარდა, მას მანამდეც ჰქონდა გზა განვლილი. ყველაზე მთავარი ფაქტორი მწვრთნელი, კლუბი და სათამაშო პრაქტიკა იყო.
– ლოკომოტივის ლიდერი და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი სანდრო გურეშიძე ტრავმირებულია. როდის დაუბრუნდება იგი მოედანს?
– სანდროს ტრავმა ჩემთვის დიდი პრობლემაა. მასზე იმედი და გათვლები მაქვს, ეს არ იცვლება, როცა დაბრუნდება მაშინაც იგივენაირად იქნება. გურეშიძის არყოფნა ლოკომოტივისთვის ძალიან რთულია. სექტემბრიდან სავარაუდოდ ინდივიდუალურად დაიწყებს ვარჯიშს. ამ სეზონში ვერ ითამაშებს, იმედია შემდეგ სეზონს თავიდანვე დაიწყებს, თუ არა და დაველოდებით. თუ ევროტურნირებზე გავალთ, იმედია სრულფასოვანი სანდრო გურეშიძე დაგვეხმარება.
– ფეხბურთელების დამატებას თუ აპირებთ. პრესაში გიორგი მერებაშვილზე დაიწერა და რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
– გიორგიზე არ არის საუბარი, მაგ პოზიციაზე არ გვაქვს პრობლემა. კაშიას წასვლიდან და გურეშიძის ტრავმიდან გამომდინარე, ცენტრალური მცველის დამატება გვსურს. დინამო ბათუმიდან იჯარით გაგი მარგველაშვილის მოყვანა გვინდოდა, თუმცა ბათუმელებს თავისი გეგმები აქვთ, ეს ფეხბურთელი სჭირდებათ და უარი მივიღეთ. ანალოგიური სიტუაცია იყო დათო კობოურზე, რომლიც დინამო თბილისმა არ გამოუშვა. იმედია მალე გურეშიძე დაგვიბრუნდება და მცველის ძებნა აღარ მოგვიწევს, თუმცა სანდროს გამოჯანმრთელებამდე ვცდილობთ ვინმე უცხოეთიდან მოვიყვანოთ. არ მინდა ამ საკითხში შეცდომა დავუშვათ, თუ არ გამოვა ისევ შიდა რესურსით შევეცდებით გაძლიერებას.
– ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ნაკრებზეც მინდა გკითხოთ. რამდენად მოგწონთ გუნდის თამაში და ხედავთ თუ არა ვაისის ფორმაციის ნაკრებთან სხვაობას?
– დიდ სხვაობას ვხედავ. თუ სულ ერთი და იგივე ფეხბურთელებს დაეყრდნობა მწვრთნელი, არც კონკურენცია იქნება და არც შედეგი. მესმის, რთულია უთამაშებელი ფეხბურთელის დაყენება. თუ კონკურენცია არ არის, მწვრთნელმა ხელოვნურად უნდა შექმნას. პირველივე დღიდან არ ვეთანხმებოდი ვაისის იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან მოთამაშეების გამოძახება არ შეიძლება. რაც შეეხება სანიოლს, მის ხელში ბევრ ფეხბურთელს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. თუნდაც ეროვნული ლიგიდან, გამოიძახა და ძირითადშიც დააყენა, ეს ელიგის სხვა ფეხბურთელებს დიდ სტიმულს აძლევს. ასევე აღსანიშნავია, რომ თამამი მწვრთნელია, მან გუნდსს ლაღი ფეხბურთი ათამაშა. სანიოლი უშიშარი მწვრთნელია და ეს გუნდზეც გადადის.
– გიორგი კოხრეიძეზე მინდა გკითხოთ, რომელსაც კარგად იცნობთ. აქვს მას შანსი, რომ გრენობლის ლიდერი გახდეს?
– მას შეუძლია გამოჯანმრთელების შემთხვევაში ნებისმიერ ტოპ ჩემპიონატში ითამაშოს. თუნდაც ლიგა 1-ის დიდ გუნდში. მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მინდორზე ძალიან ძლიერია. უბრალოდ მინდვრის გარეთ აქვს პრობლემები და ეს უნდა მოაგვაროს.
– ჩაბრაძეზეც მინდა ვისაუბროთ. მას ჩავარდნები ჰქონდა, თუმცა მოკლე დროში დიდი პროგრესი განიცადა…
– გოგამ ძალიან ხშირად შეიცვალა საფეხბურთო ცხოვრება. როცა საბურთალოში დავიწყე მუშაობა, იგი ფორვარდი იყო და უკან დავწიე. ხან მარჯვენა მცველი იყო, ხან მარცხენა. წარმოუდგენლად დიდი პროგრესი განიცადა. პიროვნულადაც ძალიან ძლიერია და იმედია პროგრესს არ შეწყვეტს.
– განვლილ ევროპის ჩემპიონატზე ვის გულემატკივრობდით და რამდენად მოგეწონათ ევროპირველობა?
– დიდად არცერთი ნაკრების ქომაგი არ ვარ. სიმართლე გითხრათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იტალიის გულშემატკივარი გავხდებოდი, თუმცა მანჩინის გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა და მიხარია, რომ ჩემპიონი გახდა. იტალია მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, თუმცა სხვა ფეხბურთით. ყოფილა გუნდი დაცვიდან თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგას იგებდა, ფეხბურთი იმისია, რომ უნდა ითამაშო და სხვაც ათამაშო. იტალიის ნაკრები ამის მაგალითია.
– თქვენთვის დღეს 3 გამორჩეული მწვრთნელი რომელია?
– ბარსელონადან მოყოლებული პეპ გვარდიოლა ძალიან მომწონს, ასევე იურგენ კლოპი. რაც შეეხება მესამეს, ეს ტომას ტუხელია, რადგან მოკლე პერიოდში ჩელსიში ძალიან დიდი სამუშაო გასწია. ლონდონელებს ლამპარდის პერიოდში რთული პერიოდი ედგათ, გერმანელმა კი მალევე გარდაქმნა გუნდი. საშუალო დონეზე მოთამაშე გუნდი ჩაიბარა და ლიგა მოიგო. ეს მოქმედ მწვრთნელებს რაც შეეხება, ასევე ძალიან მომწონდა სერ ალექს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი.