გინება, ჩხუბი, ბრწყინვალე მატჩი – US OPEN დაიწყო

ნიუ იორკში სტარტი აიღო სეზონის უკანასკნელმა დიდი სლემის ტურნირმა – US OPEN.

პირველი სათამაშო დღის მშვენებად იქცა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის – ენდი მარეის დაპირისპირება ბერძენ სტეფანოს ციციპასთან.

5 საათიანი მატჩის მიმდინარეობისას მაყურებელმა ყველაფერი იხილა – სუპერ ჩოგბურთი, ლამაზი კომბინაციები, „ქამბექი“, გინება, ჩხუბი.

პირველივე სეტიდან მარეი თავის სტილზე თამაშობდა – ცდილობდა მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნა მეტოქისთვის, რაც ბრიტანელს მშვენივრად გამოუვიდა. ენდი მაქსიმალურად ცდილობდა მეტოქისგან მარცხენა კუთხეში ეთამაშა, დაეტვირთა მისი ბექჰენდი და ამით მიეღო სათამაშო უპირატესობა.

ბრიტანელი მიღებაზეც კომფორტულად გრძნობდა თავს და სრულიად ლოგიკურად მოიგო პირველი სეტი 6:2.
მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე „ენდი ბოის“ ეს შეხვედრა 3 სეტში უნდა მოეგო, თუმცა რაღაც მომენტებში არ გაუმართლა.

მეორე პარტიის ტაიბრეიკზე ბრიტანელი 6:4 დაწინაურდა და ორმაგი სეტპოინტი მიიღო. პირველი შანსი თვითონვე გააფუჭა, მეორე შემთხვევაში კი ბერძენს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა ციციპასი ჰაერში გაიწელა, მაინც მოახერხა დარტყმა და ანგარიში გაათანაბრა.
7:7-ზე ენდიმ ორმაგი შეცდომა დაუშვა და მომდევნო გათამაშებაში უკვე სეტიც წააგო 6:7 (7:9).

მესამე სეტში ისევ მარეი დომინირებდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა, სამგეიმიანი უპირატესობა მოიპოვა და შემდეგ სეტის ბოლომდე აღარ გაუშვია ხელიდან ეს ჰანდიკაპი 6:3.

ბერძენმა ხიფათი რეალურად იგრძნო და მეოთხე პარტიის წინ ტუალეტში გასვლა მოითხოვა. პაუზა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც ენდი გაღიზიანებული ტონით ეკითხებოდა მსაჯს, თუ სად იყო ამდენი ხანი ბერძენი და რატომ არ ბრუნდებოდა დროულად კორტზე.
შექმნილმა ემოციურმა ფონმა მარეიზე ცუდად იმოქმედა – ზედიზედ 5 გეიმი წააგო და მალევე სეტიც დათმო 3:6.

null

მეხუთე, გადამწყვეტი პარტიის წინ ციციპასი ისევ გაუჩინარდა გვირაბში თავის პატარა ჩანთით. პაუზა ისევ გაიწელა, ამან კი გააცოფა მარეი, რომელიც უკვე აშკარა ბრალდებებზე გადავიდა – უმტკიცებდა სუპერვაიზერს და მსაჯს რომ ბერძენი ტუალეტში მობილურით გავიდა, სადაც იგი ჩუმად იღებდა რჩევებს მწვრთნელისგან.

კორტზე დაბრუნებულმა სტეფანოსმა მეხუთე სეტიც ბრეიკით დაიწყო, რასაც მარეის გინება მოყვა, რომელიც თაღლითს ეძახდა ბერძენ ჩოგბურთელს.
ციციპასმა სეტის ბოლომდე იოლად შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა და 5 საათიანი მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა 2:6 7:6 3:6 6:3 6:4.

მატჩის შემდგომ, ბადესთან გასულ სტეფანოსს ენდიმ ცივად ჩამოართვა ხელი, ხოლო პრესკონფერენციაზე მარეიმ განაცხადა, რომ ყველანაირი პატივისცემა დაკარგა ციციპასის მიმართ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *