გიორგაძე მონტობანში, ტაბიძე ბიარიცში

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ოთარ გიორგაძემ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის ბრივი დატოვა და კარიერას მეორე დივიზიონის მონტობანში განაგრძობს. ამ კლუბთან რამდენიმე დღის წინათ კონტრაქტი ბორჯღალოსნების მგეზავმა თედო აბჯანდაძემაც გააფრომა, რომელიც აქამდე სწორედ ბრივში თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში მონტობანმა 68 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და მის რიგებში ქართველი შერკინების ბურჯი მირიან ბურდული ირჯებოდა.

პირველი დივიზიონის ბორდოდან მეორე დივიზიონოს ბიარიცში გადაბარგდა შერკინების ბურჯი ლაშა ტაბიძე. მან ბასკურ გუნდთან, რომელიც გასულ სეზონში პირველი დივიზიონიდან გავარდა, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბიარიცში მას თორნიკე ჯალაღონია, ლუკა აზარიაშვილი, ვახტანგ ახობაძე და გიორგი ნუცუბიძე დახვდებიან.

საფრანგეთის ჩემპიონ მონპელიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა საქართელოს ახალგაზრდული ნაკრების მგეზავმა მატის მოდებაძემ.

Leave a comment

Your email address will not be published.