ევროპის სხვა და სხვა ქვეყნებში მრავლად არიან ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკლებად ვიცნობთ. ერთ-ერთი მათგანი ალავესის ბ გუნდში მოთამაშე გიორგი გაგუაა,
გიორგი ფეხბურთზე საკმაოდ ადრეულ ასაკში შევიდა, რამდენიმე გუნდში ითამაშა და დღეს ესპანეთშია. როგორც თავად გვიამბო, იგი ესპანეთში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დახმარებით მოხვდა. ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ 19 წლის ფეხბურთელს ესპანეთში დავუკავშირდით.
– პირველ რიგში მოგვიყვე სად და როდის დაიწყე ფეხბურთის თამაში…
– 5 წლის ვიყავი როცა საბავშვო გუნდ ჩემპიონში შევედი, სადაც გია მაჭარაშვილი იყო ჩემი მწვრთნელი. ამ გუნდში საკმაო ხანი დავყავი, შემდეგ ბაქსვუდის საფეხბურთო სკოლაში მივედი, 10 წლის ასაკში უკვე დინამოს აკადემიაში გადავედი, სადაც 2 წელი დავყავი და სფფ-ს აკადემიაში გადავედი, აქაც 2 წელი ვითამაშე და შემდეგ გუბაზ დოლიძესთან იბერიაში აღმოვჩნდი.
– როგორც ვიცი ფორვარდი ხარ. თავიდანვე ამ პოზიციაზე თამაშობდი თუ შემდეგ შეგიცვალეს ადგილი?
– თავიდან შემტევი ნახევარმცველი ვიყავი, შემდეგ გუბაზ დოლიძის წყალობით გავხდი ფორვარდი.
– ამჟამად ალავესის მეორე გუნდში ხარ, საინტერესოა როგორ მოხვდი ესპანურ გუნდში.
– ესპანეთში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დახმარებით მოვხვდი. ალავესის და ბასკონიას სპორტული დირექტორი ვინც არის, ხშირად ჩამოდის თბილისში და პერსპექტიულ კალათბურთელებს აკვირდება. ერთერთ ჩამოსვლაზე უთხრეს ნიჭიერი ფეხბურთელია და დააკვირდი, იქნებ გამოგადგესო. მან ნახა ჩემი ვიდეოები, მოვეწონე და მიმიწვია. მე ცხადია ვიცოდი ალავესი და რა თქმა უნდა ესპანეთში წასვლა მიხაროდა. პირველი თამაში მარჯვენა მცველად მათამაშეს და 10-დან 8 ქულა მივიღე. სხვათა შორის მარჯვენა მცველად კარგი თამაში გუბაზ დოლიძის დამსახურებაა, რადგან იგი ხშირად მათამაშებდა ამ ადგილას.
– როგორი სტილის ფეხბურთს გათამაშებთ მწვრთნელი?
– წინა მწვრთნელი უფრო მოძრაობაზე აგებულ ფეხბურთს გვათამაშებდა. ცხადია კომბინაციებიც იყო, თუმცა პოზიციებს ხშირად ვცვლიდით და მოძრავი გუნდი ვიყავით. ეგ სტილი მომწონდა და თავს კომფორტულად ვგრძნობდი, თუმცა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ გაეშვათ. ახალი მწვრთნელის სათამაშო სტილი ბურთის წინ გდაგდება და ბრძოლაა. ახალი სათამაშო სტილიდან გამომდინარე თამაშის თითქმის 80%-ს საჰაერო ორთაბრძოლებში ვატარებ. შემდეგ მეტოქის ნახევარზე ბურთის დაჭერა გვევალებოდა. ეს მწვრთნელი ბურთის ფლანგებზე გადატანას გვთხოვს, მე კი შუაში თამაში უფრო მხიბლავს.
– 2 წელზე მეტია მანდ ხარ. გასაგებია ესპანეთში ბევრ რამეში მოუმატებდი, თუმცა განსაკუთრებით რაში გაქვს პროგრესი?
– რთულია რამის გამოყოფა. ცდილობენ, რომ ფეხბურთელისგან მაქსიმუმი გამოიღო. პროფესიონალიზმი, რეჟიმი, საქმისადმი მიდგომა… ეს ყველაფერი აქამდეც მქონდა, თუმცა აქ უფრო განსაკუთრებით მოვუმატე. თუ წესებს არ დაიცავ ფულადი ჯარიმებია. ეს თანხა ისევ გუნდს ხმარდება, თუმცა დაჯარიმება არავის უნდა.
– რამდენად დიდი შანსია, რომ მალე ალავესის მთავარ გუნდში გიხილოთ?
– არის შანსი, რადგან კარგი სეზონი მქონდა, ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და საკმაოდ ბევრი ვითამაშე და იმედია მალე დამაწინაურებენ.
– მთავრი გუნდის მწვრთნელი თუ ესწრება ხშირად თქვენს თამაშებს და ვარჯიშებს?
– სულ არა, მაგრამ ხშირად დადის. ბოლო რამდენიმე მატჩზეც მოვკარი თვალი. ჩვენს გუნდში დამხმარე მწვრთნელად ალავესის ფიზმომზადების მწვრთნელი დაინიშნა და მისი წყალობითაც აქვთ მთავარ გუნდში ჩვენზე ინფორმაცია.
– რამდენად მალე შეეწყვე ესპანეთს?
– ადაპტაცია საკმაოდ სწრაფად გავიარე, რადგან წყნარ ქალაქში ვარ. საქართველოში წყნეთში ვცხოვრობ, სიწყნარეს მიჩვეული ვარ და ეს დამეხმარა.
– როგორც ვიცი 21 წლამდე ნაკრების ამხანაგურ მატჩზე იყავი გამოძახებული და მიზეზთა გამო ვერ ჩამოხვედი. კონკრეტულად რა სიტუაცია იყო?
– ალავესს მნიშვნელოვანი მატჩები ჰქონდა და კლუბმა სფფ-ს სთხოვა, რომ აქ დავრჩენილიყავი, რაზეც თანხმობა მიიღო.
– რამაზ სვანაძესთან თუ გქონდა საუბარი?
– კი, დამირეკა და მითხრა, რომ ამ ერთხელ მომცემდა დარჩენის უფლებას. მეც ვუთხარი, რომ მერიდებოდა, რადგან ნაკრებზე უარის თქმა ჩემში არ ზის.
– ქოჩორაშვილმა დაიწყო ლა ლიგაში თამაში. რამდენადაა ეს შენი სტიმული?
– დიახ, რა თქმა უნდა დიდი სტიმულია. სტიმული სტიმულად და ქართველი გულშემატკივრისთვისაც დიდი სიხარული იქნება როცა ლა ლიგაში 2 ქართვლი ითამაშებს.
– ეროვნულ ლიგას ალბათ ადევნებ თვალს, ვინ გგონია მთავარი ფავორიტი?
– დინამო ბათუმი. ბათუმში ისეთი გარემოა და ისეთი გულშემატკივრები არიან, მთავარ ფავორიტად სწორედ გეგუჩაძის გუნდს მივიჩნევ.
– რომელ გუნდს გულშემატკივრობ და ვინ არის შენი საყვარელი ფორვარდი?
– ბავშვობიდან ბარსელონას ვქომაგობ, სავარელი თავდამსხმელი ლუის სუაირესია, ძალიან მომწონს მისი ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა და ასე შემდეგ. გული დამწყდა, რომ ბარსა ცუდად მოექცა და ბლაუგრანადან წავიდა.
– რა არის შენი საფეხბურთო ოცნება?
– პირველ რიგში მინდა ალავესის მთავარ გუნდში რაც შეიძლება მალე მოვხვდე. ცხადია საქართველოს ნაკრებში თამაშზეც ვოცნებობ.