საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი მაროკოსთან გამართა და 0:3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში დებიუტი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს გიორგი გოჩოლეიშვილს ჰქონდა, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა.
გოჩოლეიშვილის თავს ბოლო დროს საინტერესო სიახლეებია. შახტარში ტრანსფერი, ნაკრებში დებიუტი, ევროტურნირები, მზადება 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის… ამ და სხვა თემებზე გოჩოლეიშვილს ვრცლად ვესაუბრეთ.
– პირველ რიგში გილოცავთ ნაკრებში დებიუტს. რომ გაიხსენო როგორ და რა სიტუაციაში გაიგე, რომ ეროვნული გუნდის სიაში იყავი…
– ზურაბ ხიზანიშვილმა დამირეკა და მითხრა რომ ნაკრებში გამომიძახეს. მივხვდი რაც ხდებოდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, თავიდან არც მჯეროდა.
– დებიუტით რამდენად კმაყოფილი ხარ?
– გულდასაწყვეტია, რომ დებიუტი მარცხით დავიწყე. რაც შეეხება ჩემს თამაშს, თავიდან დაძაბული ვიყავი, თუმცა შემდეგ წნეხი მომეხსნა და მაქსიმუმი გავაკეთე. მაროკოს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს და სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ.
– როგორი ატმოსფერო დაგხვდა გუნდში?
– ძალიან თბილი და მეგობრული, ყველა გვერდში მედგა. ჩემი თაობის ფეხბურთელების უმეტესობას ვიცნობ. დიდებიდანაც დადებითი ემოცია მოდიოდა. თამაშამდე გურამ კაშიამ მითხრა, არაფერზე ინერვიულო, შენი მაქსიმუმი გააკეთე. თავიდან მეც ვნერვიულობდი, თუმცა შენ შენი ქენიო. გურამის ეს ნათქვამი ძალიან დამეხმარა.
– ვილი სანიოლს თუ ესაუბრე?
– გაცნობისას ნაკრებში გამოძახება მომილოცა, ტაქტიკაზე ვილაპარაკეთ. არ უნდოდა, რომ დაძაბული ვყოფილიყავი და ეს ძალიან დამეხმარა.
– მაროკოს ბევრი ვარსკვლავი ჰყავს. ვინმემ მოახდინა შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
– ჰაკიმს და ზიეჩს გამოვყოფ. ჰაკიმი ისე იყენებდა სისწრაფეს, გაკიდებას ხანდახან აზრი არ ჰქონდა. ზიეჩს რაც შეეხება, გოლზეც ეტყობა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია.
– საბურთალოზეც ვისაუბროთ… ბოლო დროს ცუდი დრო გიდგათ, ზედიზედ წააგეთ მატჩები და დაუგეგმავად დაკარგეთ ქულები. როგორ ფიქრობ, რისი ბრალია ეს?
– პირველ რიგში ალბათ მაინც ფეხბურთელების. ხელს არავისკენ გავიშვერთ, მთავარი დამნაშავეები ალბათ მაინც ჩვენ ვართ. ყველა ჩვენ თავში ვეძებთ მიზეზს.
– ხომ არ ფიქრობ, რომ ამ სეზონში წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი, გუნდში მწვრთნელების ხშირი ცვლაა?
– შეიძლება ასეც იყოს, თუმცა ყველაფერი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა მწვრთნელი დიდ როლს თამაშობს, თუმცა მოედანზე ჩვენ გავდივართ. სიტუაცია ჩვენი გამოსასწორებელია.
– ზოგადად რომ მომიყვე სად და როდის დაიწყე ფეხბურთის თამაში და როგორ მოხვდი საბურთალოში?
– ფეხბურთის თამაში ქუთაისის ქუთაისში დავიწყე. 10 წლის ვიყავი 3 გუნდი მიწვევდა. საბოლოოდ საბურთალოში გადავედი. კონტრაქტის მიხედვით, ქუთაისში უნდა დავრჩენილიყავი და როცა საბურთალო მოისურვებდა, მაშინ გადმოვიდოდი. 13 წლის ვიყავი როცა ქუთაისი დავტოვე და დედაქალაქში ჩამოვედი. 13 წლიდან მარტო ვცხოვრობდი, დამოუკიდებლობას თავიდანვე შევეჩვიე, რაც ძალიან კარგია. თავიდან ჩემთვისაც და ოჯახისთვისაც რთული იყო, თუმცა აკადემიის ბიჭები ერთად ვიყავით, ერთმანეთს გვერდში ვედექით და ამან ყველაფერი გამიადვილა. 2018 წლიდან მთავარ გუნდში ვარ, შემდეგი წლიდან უკვე მუდმივად ძირითადში ვარ.
– წლევანდელი ევროტურნირებზე პარტიზანთან 0:1 წაგების შემდეგ, სტუმრად პენალტების სერია მოგიწიათ. ნერვიულობდი 11 მეტრიანების დროს?
– არა, სიმართლე გითხრათ მსგავს მომენტებში არ ვღელავ ხოლმე. ისიც კი მინდოდა ჩემი 11 მეტრიანი გადამწყვეტი ყოფილიყო. შემდეგ სტიაუასთანაც კარგად ვითამაშეთ, თუმცა გამოცდილება არ გვეყო და გამოვვარდით. 2022 წელმა დიდი გამოცდილება შემძინა, ევროტურნირები და შემდეგ ნაკრები.
-კარიერას დონეცკის შახტარში გააგრძელებ, რაც შენთვის დიდი კარიერული წინსვლაა…
– რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია, რომ ამ დონის კლუბში ვითამაშებ და მაქსიმალურად შევეცდები თავი კარგად წარმოვაჩინო.
– ხომ არ ფიქრობ, რომ უკრაინაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შახტარში წასვლა რისკია?
– ამაზე ცხადია ვიფიქრე, თუმცა შახტარი დიდი გუნდია და ვფიქრობ მაინც სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
– დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაში მოწიგევს თამაში და ალბათ ამანაც იქონია გადაწყვეტილებაზე გავლენა…
– რა თქმა უნდა. ეს დიდი სტიმული იქნება. თანაც რასაც ვუყურებთ, შახტარი ერთგვარი ტრამპლინია. თუ ფეხბურთელი თავს გამოიჩენს, უკრაინელები გრანდში გადასვლაში ხელს უწყობენ.
– ვალენსიაზეც იყო საუბარი…
– კი, ნამდვილად იყო ინტერესი. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა ჩემამდე ყველა ინფორმაცია მოსულიყო, რადგან მაგ პერიოდში მნიშვნელოვანი თამაშები გვქონდა და არ მინდოდა კონცენტრაციაში ხელი შეეშალა. ყველაფერს ჩემი აგენტი ირაკლი ლილუაშვილი აგვარებდა.
– გაისად 21 წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი გიწევთ… როგორი მოლოდინია?
– დიდი ხანია ამ ტურნირისთვის ვემზადები. ევროპირველობა ჩვენი თაობისთვის დიდი გამოწვევაა. შეიძლება ბოლომდე ვერც ვაანალიზებთ რა დონის ფორუმია. გვინდა მაქსიმუმი გავაკეთოთ და გულშემატკივრები გავახაროთ. ხალხს ველოდებით და იმედია სტადიონიდან კმაყოფილები წავლენ. ეროვნულ გუნდში მისვლამდე, 21 წლამდე ნაკრების ბიჭები და რამაზ სვანაძე ვნახე, ყველამ მომილოცა და წარმატებები მისურვეს. რამაზ სვანაძეზე ცალკე უნდა ვთქვა, ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი მწვრთნელია. ცალკე მესაუბრა და მითხრა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა.
– მსოფლიო ჩემპიონატზე ვის გულშემატკივრობ?
– არგენტინის ნაკრებისკენ ვარ, ლეო მესია ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და მინდა მუნდიალი მოიგოს.
– საკლუბო დონეზე ვისკენ იხრება შენი სიმპატიები?
– ლივერპულის ქომაგი ვარ. ენფილდზე თამაში ჩემი ოცნებაა.
– შენ პოზიციაზე თუ გყავს გამორჩეული ფეხბურთელი.
– არა, მინდა ჩემი სტილი მქონდეს და ამას მივყვები.
– 2022 წელი მართლაც გამორჩეულია შენს კარიერაში. რის ხარჯზე მიაღწიე წარმატებებს?
– პირველ რიგში შრომისმოყვარეობით. ნიჭი კარგია, მაგრამ თუ სათანადოდ არ ივარჯიშე, გამორიცხულია წარმატებას მიაღწიო. რაღაც ეტაპამდე მიხვალ, მაგრამ ნიჭი ნიჭად დარჩება.
– ვინ გიდგას ყველაზე მეტად გვერდში?
– ოჯახი. მუდამ ჩემთან არიან და ყველანარიად მეხმარებიან. ასევე ჩემი შეყვარებული, რომელიც მუდამ ჩემთან იყო როცა მარცხის გამო ცუდ ხასიათზე ვიყავი. ეს თანადგომა ძალიან მეხმარებოდა.
– 13 წლიდან საბურთალოში ხარ. რას ნიშნავს ეს გუნდი შენთვის?
– საბურთალოსთან ერთად კარიერის საწყისი წლები გამოვიარე. იყო ბევრი კარგი და ბევრი ცუდი. მინდა ამ გუნდს ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. სადაც არ უნდა ვითამაშო, საბურთალო მუდამ ჩემს ოჯახად დარჩება.
– საბურთალოში ბევრ გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად გითამაშია. იყო ვინმე შენთვის მისაბაძი?
– ჩვენს კაპიტანს ლევან კაკუბავას გამოვარჩევ. ძალიან შრომოსმოყვარე და პროფესიონალია და მეც მუდამ მაგალითს ვიღებ მისგან. პირველ გუნდში ადაპტაციაშიც ძალიან დამეხმარა.
– შენი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო, როცა ინგლისს შესანიშნავი გოლი გაუტანე. როგორ გაიხსენებ ამ მომენტს?
– მთელი წელი ამ თამაშისთვის ვემზადებოდი. არ მაინტერესებდა რამდენად დიდი გუნდის ფეხბურთელების წინ მომიწევდა მოედანზე გასვლა. რაც შეეხება გოლის მომენტს, გულიაშვილმა პასი მომცა, წინ წავედი, შემდეგ გაგუა ძალიან დამეხმარა როცა მცველი თავისკენ გაიყვანა და სივრცე გამინთავისუფლა, ბოლოს რაც მოხდა კი გახსოვთ. ჩემამდე 2 გოლი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, ისე მიხაროდა თითქოს მე შევაგდე. მე და გულიაშვილი დიდი ხანია ერთად მოვდივართ, ვმეგობრობთ და მეც ძალიან გახარებული ვიყავი.