გიორგი დარასელია: წარმატება გუნდურობამ მოგვიტანა

ბოლნისის სიონმა 2021 წელს ეროვნული ლიგა 2 დამაჯერებლად მოიგო. გუნდი ივნისში გიორგი დარასელიამ ჩაიბარა, რომლის ხელშიც ბოლნისელებმა 18-დან 13 მატჩი მოიგეს და მეორე ადგილოსან გაგრას 6 ქულით აჯობეს.

სიონმა წინა სასეზონო მზადება დაიწყო. გუნდმა ამხანაგურ შეხვედრებში არაგვს 11:0 მოუგო, გორის დილასთან 2:2 ითამაშა და კიდევ 2 ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი.

განვლილ სეზონზე, სამომავლო გეგმებზე, მოახლოებულ ჩემპიონატზე და კიდევ სხვა თემებზე ბოლნისის სიონის მთავარ მწვრთნელს გიორგი დარასელიას ვესაუბრეთ.

– გუნდი შარშან ივნისში ჩაიბარეთ. რა გზა გაიარეთ ჩემპიონობამდე?

– ამ წარმატების მიღწევ მარტივი არ ყოფილა. სანამ ამაზე ვისაუბრებ, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მცირე წვლილი მაინც დაიდო სიონის ჩემპიონობაში. ქალაქის ხელმძღვანელობას, ჩვენს სპონსორ RMG-ს, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს და რა თქმა უნდა ბატონ ვარლამ კილასონიას, რომელიც გუნდში ჩემამდე იყო. მანაც დიდი სამუშაო გასწია.

– რა იყო ჩემპიონობის მთავარი მიზეზი?

– ჩემთან ერთად გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი მოვიდა, შევცვალეთ სათამაშო სტილი. უფრო სწრაფები და აგრესიულები ვიყავით, ტაქტიკას ყოველი თამაშის წინ მეტოქიდან გამომდინარე ვარჩევდით. სწრაფმა, აგრესიულმა და გუნდურმა თამაშმა განაპირობა ის რასაც მივაღწიეთ.

– ყველამ ვიცით, რომ სიონს ერთგული და მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს. რამდენად დიდი წვლილი შეიტანეს მათ გუნდის ჩემპიონობაში?

– ბოლნისელებს ძალიან უყვართ ფეხბურთი, სიონს მუდამ გვერდში უდგანან. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. სტადიონზე დასწრება აკრძალული იყო და მაინც მოდიოდნენ და ხან სად აძვრებოდნენ რომ თამაში ენახათ, ხან სად.

– რა იქნება სიონის მიზანი ახალ სეზონში? იქნება ეს ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრი თუ სხვა მიზნები გაქვთ?

– გვინდა რაც შეიძლება მაღალ ადგილზე გავიდეთ. ასევე შევეცდებით მაქსიმალურად კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. ყველა გუნდი მებრძოლია და ყველა მაქსიმუმს გააკეთებს, არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი.

– ბოლო წლებშიო სიონში რამდენიმე ფეხბურთელი იყო, რომელსაც დიდი სანაკრებო გამოცდილება უმაგრებდა ზურგს. თარგამაძე, კობახიძე, გოგუა… დღეს თუ არის მოლაპარაკებები რომელიმე მსგავსი კალიბრის მოთამაშესთან?

– ყველა გუნდს უნდა, რომ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავდეს. ვეცდებით ისეთი მოთამაშეები მოვიყვანოთ, რომლებიც გამოგვადგებიან. გაგვიხარდება თუ სანაკრებო გამოცდილების მქონე ფეხბურთელს დავიმატებთ. გუნდი ჯერ ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული. ამ ეტაპზე ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უფრო ვაკეთებთ აქცენტს, თუმცა ცხადია არც გამოცდილ მოთამაშეებზე ვამბობთ უარს.

– მრავალი წელია, რაც საქართველოს ჩემპიონატში მუშაობთ. თქვენი აზრით, არის პროგრესი?

– რომ გითხრათ წინ მივდივართ მეთქი, მოგატყუებთ. ბევრი პრობლემაა და ამ პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებაა საჭირო, რომ წარმატებაზე ვიფიქროთ.

– ბოლნისის სიონი საქართველოს ჩემპიონიც გამხდარა და ევროტურნირებზეც ღირსეულად წარმოუჩენია თავი. რა აკლია დღევანდელი ფორმაციის სიონს, რომ იმ დონეს დაუბრუნდეს?

– ამისთვის პირველ რიგში კარგი ინფრასტრუქტურა და სავარჯიშო პირობებია საჭირო. ეს საქართველოში უმეტეს გუნდებს აკლია. თქვენ თვითონ ხედავთ რა პირობებში ვემზადებით. ჯერ ელემენტარული პირობებია საჭირო.

– რამდენად შეიცვლება სიონის სათამაშო სტილი ახალ სეზონში?

– ჯერ ბოლომდე არ ვართ დაკომპლექტებულები. როცა გადაწყდება თუ რა შემადგენლობა გვეყოლება, შემდეგ ვისაუბრებთ სათამაშო სტილის შეცვლაზე. ტაქტიკა და სტილი შემადგენლობიდან გამომდინარე დგება.

– უცხოეთშიც გიმუშავიათ, საზღვარგარეთიდან თუ გაქვთ ან გქონიათ ბოლო დროს შემოთავაზებები?

– შემოთავაზებები ხშირად მაქვს, ისრაელის მოქალაქე ვარ და იქ გუნდის მოძებნა არ გამიჭირდება. მიუხედავად ამისა გადავწყვიტე ჩემი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს მოვახმარო. მინდა აქ მივაღწიო წარმატებებს.

– ნაკრებზეც მინდა გკითხოთ, რა პოტენციალი აქვს დღეს საქართველოს ნაკრებს?

– – ეროვნულ გუნდს ყოველთვის აქვს პოტენციალი. ჩრდ. მაკედონიასთან თამაშის მოგებით შეგვეძლო 30 წლიანი ნაშრომი და ნაწვალები კარგად დაგვესრულებინა. დღეს რომ იყოს თამაში და იგივე შემადგენლობა, მჯერა ჩვენი ნაკრები თამაშს მოიგებდა. დიდი ემოცია იყო ამ თამაშზე, რაღაცები სამწუხაროდ გამოგვეპარა და წავაგეთ. თან პლუს ამას გულშემატკივრები არ დაესწრნენ თამაშს, ამან ძალიან შეგვიშალა ხელი. 2021 წელს ნარებს ჰქონდა ჩავარდნა, თუმცა შემდეგ ასე თუ ისე გამოასწორა სიტუაცია. ძალიან ძნელია რამე წარმატებაზე ფიქრი, როცა ნაკრებში უთამაშებელი ფეხბურთელები მოდიან.

– უცხოელი მწვრთნელებიდან ყველაზე მეტად რომელი სპეციალისტი მოგწონთ?

– კარლო ანჩელოტის გამოვარჩევ, ასევე ზინედინ ზიდანს და ვისენტე დელ ბოსკეს, უმეტესად რეალის მწვრთნელებს გამოვყოფ. ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა პეპ გვარდიოლა.

– წელს ვინ მიგაჩნიათ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად?

– რეალს, სიტის და ინტერს გამოვყოფ.

Leave a comment

Your email address will not be published.