გიორგი პაპავა: პროგრესისთვის მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, ფეხბურთელებზე მეტად სხვებს ვგულისხმობ

გიორგი პაპავა უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს. ნიჭიერი ნახევარმცველი დინამო თბილისის აღზრდილია, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა და დღეს დინამოს კაპიტანია. დინამოსთან ერთად მან ყველაზე შესაძლო ტიტული მოიგო, იყო ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი და ეროვნულ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა. გიორგიმ გაკრვეული პერიოდი უცხოეთშიც გაატარა, თუმცა როგორც თვითონ Leadersport.ge-სთან საუბრისას განაცხადა, არასწორ დროს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო როცა დინამო დატოვა და კვიპროსში გააგრძელა კარიერა.

დინამო თბილისზე, მიმდინარე ჩემპიონატზე, კახა ცხადაძეზე, საშა ჩივაძეზე, ჩისკოზე, დინამოს ევროპულ შანსებზე და კიდევ მრავალ თემაზე დინამოს კაპიტანმა ჩვენთან ვრცლად ისაუბრა.

– წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ დინამოს მეტოქე ბაქოს ნეფთჩი იქნება. შანსებს როგორ შეაფასებ?

– ვფიქრობ შანსები 50-50-ზე იქნება. დაახლოებით თანაბარი დონის ჩემპიონატების პირველი გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს და ამ დროს რომელიმე გუნდზე ფავორიტის სტატუსის მინიჭება რთულია. გააჩნია კონკრეტული შეხვედრებისთვის ვინ იქნება უკეთ მომზადებული. იმედია ნეფთჩისთან თამაშებს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით. თითოეული დინამოელი მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

-რამდენად სასურველი მეტოქე იყო ნეფთჩი დინამოსთვის?

-ნეფთჩი ამ მომენტისთვის კარგ ფორმაშია და საერთოდაც კარგი გუნდია. ნეფთჩისა და სხვა შესაძლო მეტოქეებს შორის დიდი სხვაობა არ არის და ვფიქრობ ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, შანსები თანაბარი იქნებოდა.

-2 კვირაზე ცოტა მეტია, რაც კახა ცხადაძეა გუნდის მწვრთნელი. რას გვეტყვი ამ სპეციალისტზე?

-მას დინამოში მოსვლამდეც დამტკიცებული აქვს, რომ მაღალი დონის მწვრთნელია. საკმაოდ კარგ გუნდებში უმუშავია, მინდა მისი ნაკრებში მუშაობა გავიხსენო, როცა გუნდს პროგრესი დაეტყო. კახას თავისი ხელწერა და პრინციპები აქვს, ვფიქრობ ამ ეტაპზე დინამოსთვის ცხადაძის დანიშვნა იდეალური ვარიანტი იყო. ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი, რომ ცხადაძე დღეს ჩვენი მწვრთნელია.

-ცხადაძე ევროტურნირებამდე თვენახევრით ადრე დაინიშნა. რამდენად იქნება ეს მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი?

– საუკეთესო დრო არ ყოფილა, თუმცა არც რაიმე საგანგაშოა. დარწმუნებული ვარ მისთვის დინამოს მოსამზადებლად საკმარისი დრო იქნება.

-ამაზე ბევრს ალბათ ვერ ისაუბრებ, რადგან ხელმძღვანელობის კომპეტენცია უფროა, მაგრამ მაინც გკითხავ. შენი ინფორმაციით იგეგმება დინამოში ფეხბურთელების მოყვანა?

-ვიცი, რომ რისი საშუალებაც იქნება იქიდან გამომდინარე მაქსიმუმს გააკეთებენ ხელმძღვანელები, რომ ევროტურნირებისთვის ფეხბურთელები დავიმატოთ.

-დინამოს მიზანი წელსაც ისევე როგორც ყოველთვის ჩემპიონობაა. ვის თვლი ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად?

-უკვე მესამე წელია მთავარი მეტოქე დინამო ბათუმია. ასევე უნდა ითქვას ლოკომოტივზე, არც საბურთალო უნდა დავივიწყოთ.

-დინამოს აკადემიაში გაიზარდე, დინამოში დაიწყე ფეხბურთის თამაში და დღეს გუნდის კაპიტანი ხარ. რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა შენთვის ამ დიდი გუნდის კაპიტნობა?

-დინამოში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო, 18 წლის ასაკში უკვე დებიუტი მქონდა. ვიცი დინამოში რა გარემო, რა მოთხოვნები და რა სტანდარტია. ვცდილობ გუნდს მაქსიმალურად გვერდში დავუდგე. დინამოს კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა და ვცდილობ ამ ყველაფერს თავი ღირსეულად გავართვა.

-წლებია დინამოს ლიდერი ხარ, ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხარ შენს პოზიციაზე, ასევე საკმაო სანაკრებო გამოცდილება გაქვს, ასაკობრივებში მუდმივად თამაშობდი და ეროვნულშიც მოუყარე რამდენიმე მატჩს თავი. სანაკრებო გამოძახებისას თუ გაქვს ხოლმე მოლოდინი, რომ ეროვნულ გუნდში მიგიწვევენ?

-სურვილი რა თქმა უნდა მაქვს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მივესალმები იმას, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ჩემპიონატს ესწრება, ეს მისი მხრიდან დიდი პატივისცემაა ეროვნული ლიგის მიმართ. ცოტა დასანანია, რომ დინამო თბილისს სანაკრებო კუთხით ნაკლები ყურადღება ექცევა, 2 წელია ჩემპიონები ვხდებით და 1 ფეხბურთელი არ არის ნაკრებში დინამო თბილისიდან, დინამო ბათუმიდან კი 3-4 მოთამაშეს მუდმივად იძახებენ. ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, დინამოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებისთვისაც ნაკრებში გამოძახება დიდი სტიმული იქნებოდა. აზაროვის მაგალითი ავიღოთ, იგი დინამო თბილისის აღზრდილია და დღეს გეგუჩაძის გუნდში გამოდის, გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ამას რა თქმა უნდა მივესალმები. იგივე უნდა იყოს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებზეც. რაც არ უნდა იყოს, დინამო თბილისი საქართველოს საუკეთესო გუნდია და დასანანია, რომ ნაკრებში არავის იძახებენ.

-შენი ეროვნულ გუნდში თამაში ვახსენეთ. მართალია 7 წელი გავიდა, მაგრამ მაინც რომ გაიხსენო რა ემოცია დაგეუფლა, როცა ნაკრებში გამოგიძახეს?

-ძალიან გახარებული ვიყავი, სიმართლე გითხრათ არც მოველოდი თუ გამომიძახებდნენ. იმ პერიოდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა, ტრავმების გამო მარჯვენა მცველად ვთამაშობდი. ფეხბურთელისთვის მთავარი მიზანი ხომ ის არის, რომ ნაკრების მაისურა მოირგოს.

-შენი აზრით, ჩემპიონატი პროგრესირებს?

-ვფიქრობ ერთ ადგილზე ვდგავართ, არც პროგრესია და არც რეგრესი.

-რას თვლი მთავარ პრობლემად?

-პროფესიონალიზმს.

-ფეხბურთელებს გულისხმობ?

-არამარტო ფეხბურთელებს, მოთამაშეებზე მეტად გუნდების ხელმძღვანელობაში დასაქმებულ ადამიანებს. ძალიან არასერიოზული სიტუაციაა. ხშირად ამბობენ, რომ ფინანსური პრობლემებია, ჯერ ისედაც რა აქვთ გუნდებს და ისიც არასწორად იხარჯება. მიზერული ანაზღაურებაა და ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ითხოვენ. რთულია მოთამაშეს რამე მოსთხოვო, როცა ელემენტარულ პირობებს ვერ უქმნი. მოედნების პრობლემებია, ზოგ გუნდს სატრენაჟორო დარბაზი არ აქვს და რაზეა საუბარი. აუცილებელია ფინანსები, ინვესტორების მოძიება და ხელმძღვანელობაში პროფესიონალების დასაქმება, რათა არ მოხდეს ისეთი რამ, რაც ქუთაისის ტორპედოში. რაც მეტი კარგი გუნდი იქნება ჩემპიონატში, ეს დინამოსთვისაც კარგი იქნება და ზოგადად ეროვნული ლიგისთვისაც.

-ტორპედოს პრობლემებმა დინამო თბილისზეც იმოქმედა, რადგან თქვენი უშუალო კონკურენტი იყო და გინდა არ გინდა ტონუსში იყავით…

-რა თქმა უნდა. ჩემპიონობისთვის 2 გუნდი არ უნდა იბრძოდეს, 4-5 კარგი გუნდი მაინც უნდა იყოს, რომელსაც კარგი პირობები ექნება და კარგ მოთამაშეებს დაიმატებს. ბევრ ქართულ კლუბში მყავს მეგობრები და გული მწყდება როცა მათგან პრობლემების შესახებ ვისმენ. ეს ბიჭები ამას არ იმსახურებენ, რადგან ფეხბურთში სულს და გულს დებენ.

-მტკივნეულ თემასაც შევეხოთ, ყველა გუნდი და ყველა ფეხბურთელი მწარე მარცხიდან რაღაცას სწავლობს. რა ისწავლეთ პირადად შენ და დინამო თბილისმა კლაკსვიკთან წაგებით?

-ვისწავლეთ ის, რომ დღეს ყველას შეუძლია ფეხბურთის თამაში. მეტოქე ყოველთვის უნდა დააფასო, ამ თამაშს ძალიან სერიოზულად მივუდექით. მიუხედავად ამისა კლაკსვიკის ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგი მომზადება ჩვენთვის მოულოდნელობა იყო. კლაკსვიკმა მარტივად ითამაშა, პირველი 2 ბურთი შემთხვევით გავიდა, რის მერეც ფსიქოლოგიურად ავირიეთ. დღეს 1 საათში რომ გავიდეთ მათთან სათამაშოდ, აუცილებლად მოვიგებთ.

-გარკვეული პერიოდი კვიპროსში გაატარე, სადაც ნეა სალამისში თამაშობდი. ამ დროს ტრავმამ ხელი შეგიშალა. ტრავმა რომ არა დღეს რა დონეზე იქნებოდი?

-ტრავმამ 1 წელი გამაცდენინა, თუმცა ბოლომდე გამოვჯანმრთელდი. ვფიქრობ ტრავმებზე მეტად არასწორმა გადაწყვეტილებებმა უფრო შეაფერხა ჩემი პროგრესი. მაშინ მენეჯერი მყავდა (იმ ხანად გიორგის აგენტი მამუკა ჯუღელი იყო) და ჩვენი მიღებული საერთო არასწორი გადაწყვეტილებების გამო ზრდა შეწყდა. კვიპროსში დარჩენა კიდევ 1 წელი შემეძლო, თუმცა გორის დილაში ჩამოვედი, 2-3 თვე უნდა მეთამაშა, გუნდს უეფაზე უნდა დავხმარებოდი და შემდეგ უცხოეთში დავბრუნებულიყავი, თუმცა კვლავ ტრავმა მივიღე. მოკლედ რომ ვთქვათ დინამო არასწორ დროს დავტოვე და არასწორ ადგილას წავედი. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ უცხოეთში წასვლისას ფინანსური მხარე მეორე ადგილზე დააყენონ და ტრანსფერის დროს კარგად დაფიქრდნენ.

-ჩისკოს როგორ დაახასიათებ? იგი შენი თანაგუნდელიც იყო და მწვრთნელიც.

-ჩისკოს პირველი ჩამოსვლა ძალიან სასიხარულო იყო, როცა 2011 წელს იგი დინამოს ფეხბურთელი გახდა. კაცმა მადრიდის რეალს გაუტანა გოლი და რამდენიმე თვეში საქართველოში ჩამოვიდა ფეხბურთის სათამაშოდ. ძალიან პროფესიონალი იყო, არიან მსგავსი კალიბრის მოთამაშეები, რომლებისგანაც ვერაფერს სწავლობ, რადგან პროფესიონალიზმი აკლიათ, ჩისკო კი სულ სხვაა. მუნიოსი უბრალო და კარგი ადამიანია, ყოველთვის მაქსიმუმს დებდა და ჩვენს ჩემპიონატში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. შემდეგ მწვრთნელად დაბრუნდა. ბევრი იძახის, რომ უმართლებდა. როგორ შეიძლება უმართლებდეს მწვრთნელს, რომელიც ზედიზედ ორჯერ ჩემპიონი გახდება, წავა ვოტფორდში და გუნდს ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანს. ჩისკოზე იმის თქმა, რომ უმართლებდა, არასერიოზული განცხადება მგონია. ჩისკო და მისი სტაფი დღეში 8-10 საათი მუშაობდნენ.

-ეს ალბათ ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა…

-რა თქმა უნდა. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ კახა ცხადაძეც უდიდეს სამუშაოს ასრულებს. თამაშამდე მეტოქეზე ყველა საჭირო ინფორმაცია ვიცით.

-ჩისკოს და ცხადაძეს ერთი დიდი პლუსი აქვთ, მათ დიდი ფეხბურთი აქვთ ნათამაშები. რამდენად უწყობთ ეს ხელს ფეხბურთელებთან ურთიერთობაში?

-როცა ესეთ დონეზე გაქვს ნათამაშები, როგორც ცხადაძემ და ჩისკომ ითამაშეს, ზედმიწევნით კარგად იცი საფეხბურთო ნიუანსები, იციან ფეხბურთელებთან მიდგომა.

-ასევე ნამუშევარი გაქვს ყველა დროის ერთერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელთან საშა ჩივაძესთან, რომელიც 21 წლამდე ნაკრებში შენი მწვრთნელი იყო. მას როგორ დაგვიხასიათებ?

-საშა ჩივაძე ქართული ფეხბურთის ლეგენდა და უდიდესი პიროვნებაა. იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ გუნდში პოზიტიური განწყობა ყოფილიყო, გვიზიარებდა თავის გამოცდილებას და ხშირად იუმორიც შემოჰქონდა ურთიერთობაში, რაც ცხადია გვეხმარებოდა. საშა ჩივაძესთან მუშაობით მიღებული გამოცდილებით ძალიან ბედნიერი ვარ.

-20 წლის იყავი როცა ტოტენჰემის წინააღმდეგ 2 შეხვედრა გამართე. ამაზეც რომ მოგვიყვე…

-ტოტენჰემს მაშინ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავდა, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ის მოხდა რაც უნდა მომხდარიყო. შეიძლებოდა სხვა ანგარიშით დამთავრებულიყო მატჩი, რადგან ჩვენც გვქონდა მომენტები, მახსოვს დვალის და გრიგალაშვილის ეპიზოდები. რაც შეეხება გასვლით თამაშს, ფანებმა ლონდონში თეატრი დაგვახვედრეს. იქ გულშემტკივრობის დიდი კულტურაა, მსგავსი რამ მხოლოდ ლონდონში და შოტლანდიაში მინახავს. როცა ფეხბურთელი რამე კარგს გააკეთებს, იმ წამსვე ოვაციებია, შემდეგ სიჩუმე და კვლავაც ოვაციები. მნიშვნელობა არ აქვს მოწინააღმდეგის ფეხბურთელი ქმნის სანახაობას თუ საკუთარი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *