გასულ უქმეებზე ევროთასების გათამაშების ჯგუფური ტურნირის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ჩელენჯ კაპის B ჯგუფში მოასპარეზე გიორგი მელიქიძის, ვასილ კაკოვინი, სერგო აბრამიშვილისა და გიორგი ცუცქირიძის სტად ფრანსემ სტუმრად ითამაშა იტალიურ ბენეტონთან და 32:35 დამარცხდა. თუმცა, ჯგუფში მესამე ადგილი მაინც შეინარჩუნა.
გიორგი ცუცქირიძემ, რომელიც ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი მკურნალობის გამო მოედანს ახლახან დაუბრუნდა, სრულად ითამაშა და მატჩის 53-ე წუთზე ლელო გაიტანა. ძირითად შემადგენლობაში იყო სერგო აბრამიშვილიც, რომელიც 59-ე წუთზე შეცვალეს.
A ჯგუფში დაუმარცხებლად ასპარეზობს ბექა გიგაშვილისა და დავით მჭედლიძის ტულონი. ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა იტალიური ზებრე 14:5. გიგაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე მჭედლიძემ შეცვალა.
ჩემპიონთა თასზე ფრანგულ კლუბებს წლეულს ძალიან გაუწირდათ. ერთადერთი გუნდი, რომელიც დაუმარცხებლად ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს ალექსანდრე ქუნთელიას ლა როშელია. ჩვენებურის ამ გუნდმა სტუმრად დაამარცხა ინგლისური ნორსჰემპთონი 31:13. ქუნთელია განაცხადში არ იყო. ლა როშელი B ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს.
A ჯგუფში კი, საუკეთესო მაჩვენებელი ფრანგულ კლუბებს შორის ბექა საღინაძისა და დავით ნინიშვილის ლიონს აქვს, რომელმაც ოთხ ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლიონელებმა შინ დაამარცხეს სამხრეთაფრიკული ბლუ ბულზი – 31:7. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
მეორე გამარჯვება მოიპოვა და ლიონს ერთი ქულით უსწრებს გიორგი კვესელაძის გლოსტერი, რომელმაც სტუმრად დაამარცხა ლექსო ყაულაშვილის ბორდო – 26:17. კვესელაძე ძირითად შემადგენლობაში იყო. ყაულაშვილს არ უთამაშია.