“ინდიანა პეისერზთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, გოგა ბითაძემ მალევე იპოვა NBA-ში ახალი კლუბი.
“ორლანდო მეჯიქის” საკალათბურთო ოპერაციების ხელმძღვანელმა ჯეფ ველტმანმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ქართველი კალათბურთელი დაიმატა.
გოგა “მეჯიქის” შემადგენლობაში 35 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს და მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა ძალაში, ფინანსური დეტალები კი არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ ბითაძემ მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა “ინდიანას” მაისურით, პარკეტზე საშუალოდ 9,6 წუთს ატარებდა, ამ დროის განმავლობაში კი 3,3 ქულა+2,3 მოხსნას აგროვებდა.
2019 წლის დრაფტზე, ქართველი კალათბურთელი “პეისერზმა” მე-18 ნომრად აირჩია, ჯამში 170 მატჩი ჩაატარა და 21-ჯერ მოხვდა სასტარტო ხუთეულში.
რამდენიმე დღის წინ, “ორლანდომ” ძირითადი ცენტრი – მო ბამბა “ლეიკერსში” გაუშვა, სანაცვლოდ კი 2 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი მიიღო.
გუნდს შემადგენლობაში ნომინალური ცენტრი აღარ ყავდა, რადგან ბოლ ბოლი უფრო მსუბუქი ფორვარდია თამაშის სტილით, ხოლო უენდელ კარტერი მძიმე ფორვარდი.
წესით, “მეჯიქში” გოგა ბითაძეს სათამაშო დრო არ უნდა მოაკლდეს, ამ ეტაპზე კი ქართველ კალათბურთელს ყველაზე მეტად სწორედ ეს სჭირდება.
ამ მომენტისთვის, “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს ბალანსით 24 მოგება/34 მარცხი. გუნდი აგრძელებს ბრძოლას პლეი-ინის ზონაში მოსახვედრად.