„ინდიანას“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას „პეისერზის“ ფარმ კლუბ – „ფორტ ვეინ მედ ენტსში“. NBA-ს G ლიგის მორიგ ტურში გოგა ბითაძის ფენომენალური თამაშის წყალობით „მედ ენტსმა“ 131:127 დაამარცხა „დენვერის“ ფარმკლუბი „გრანდ რაპიდს გოლდი“ და სეზონში მე-8 გამარჯვება მოიპოვა.
ბითაძემ პარკეტზე 36 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 38 ქულა, 14 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან 19-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 13 ჩააგდო, გოგამ პერიმეტრიდანაც „მაგრად იმუშავა“ – 8-დან 6 სამქულიანი ჩასვა კალათში.
ბითაძის მეტოქე ავსტრიის სახელით მოასპარეზე გიორგი ბეჟანიშვილი გახლდათ, რომელიც „გრანდ რაპიდ გოლდსის“ ძირითადი ცენტრი გახლავთ. ბეჟანიშვილმაც მშვენიერი შედეგიანობა დააფიქსირა 25 ქულა+7 მოხსნა. გიორგიმ თამაშიდან 12 ბურთი ესროლა, საიდანაც 11 ზუსტად ჩააგდო (ააცილა ერთადერთი სამქულიანი).
პირველი მეოთხედი „გრანდ რაპიდს გოლდის“ მცირე უპირატესობით წარიმართა, რომელიც მასპინძლებმა 36:35 მოიგეს. მეორე პერიოდში გაიბრწყინა G ლიგაში დაბრუნებულმა აიზია ტომასმა(მატჩში ჩააგდო 42 ქულა), რომლის ზუსტი სროლების წყალობით „გოლდსი“ დიდ შესვენებაზე 13 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა 70:57.
მესამე მეოთხედში ისევ გაიბრწყინა გოგამ, რომელმაც სამწამიან ზონაში დომინანტური ასპარეზობის ფონზე „აიყოლია“ თანაგუნდელები (კიფერ საიქსი 26 ქულა, გაბი იორკი 27 ქულა) და გადამწყვეტი გაქცევა მოუწყო მეტოქეს 42:25.
უკანასკნელ პერიოდში, მასპინძლებმა მცდელობა არ დააკლეს, რომ ამოექაჩათ ჩამორჩენა (ნიკ სტაუსკასი 13 ქულა, ლენს სტივენსონი 18 ქულა+15 მოხსნა+10 პასი), თუმცა „ფორტ ვეინმა“ გაჭირვებით შეინარჩუნა ლიდერობა და საბოლოო გამარჯვებას მიაღწია 131:127.
„ვაილდ ენტსმა“(8 მოგება, 4 მარცხი) 2 დღის განმავლობაში 2 მატჩი მოუგო „რაპიდ გოლდსს“ და ცენტრალურ დივიზიონში მხოლოდ „მილუოკის“ ფარმ კლუბ „ვისკონსინ ჰერდს“ ჩამორჩება, რომელსაც 8 მოგება და 3 მარცხი აქვს. „გრანდ რაპიდ გოლდსი“ კი უარყოფითი ბალანსი იმყოფება და ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს (5 მოგება, 6 მარცხი).
G ლიგის მატჩის პარალელურად NBA-ში მორიგი მატჩი წააგო „ინდიანამ“ – რიკ კარლაილის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად დამარცხდა „მილუოკი ბაქსთან“ 99:114. „პეისერზის“ რიგებში ისევ არადამაჯერებლად ითამაშეს ცენტრებმა – დომანტას საბონისმა და მაილს თერნერმა პარკეტზე გატარებული სოლიდური დროის მიუხედავად მარგიქმედების კოეფიციენტი მინუს 28 დააფიქსირეს.
„ბაქსის“ რიგებში მორიგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში და 16 წუთში 3 ქულა, 4 მოხსნა1 ჩაჭრა და 1 პასი ქონდა.