2022 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ “ინდიანამ” გოგა ბითაძეს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.
2023 წლის ზაფხულში ქართველ კალათბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით სატრანსფერო ბაზარზე მოუწევს გასვლა. იმისთვის, რომ გოგამ NBA-ს რომელიმე კლუბთან გააფორმოს ახალი ხელშეკრულება და ევროპაში არ მოუწიოს საასპარეზოდ დაბრუნება, სეზონის ბოლომდე დიდი სათამაშო დრო და კარგი სტატისტიკა ჭირდება(ამჟამად 3,4 ქულა+2,2 მოხსნა საშუალოდ მატჩში).
“პეისერზში” ცენტრის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ქართველს ფაქტიურად არ ეძლევა თვის გამოჩენის შანსი. “ინდიანას” ძირითადი ცენტრი მაილზ თერნერია, რომელიც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს და მისთვის სათამაშო წუთების შეზღუდვა ფაქტიურად წარმოუდგენელია.
ამერიკელი საშუალოდ მატჩში 16.7 ქულას, 7.9 მოხსნას, 1.5 პასს და 2.2 დაფარებას ასრულებს. მაილზი თამაშიდან 54,9%-ით უტევს მეტოქის კალათს, რაც ასევე მშვენიერი მაჩვენებელია.
ტერნერს “პეისერზთან” მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბის ხელმძღვანელები ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ მის გახანგრძლივებას. კალათურთელი მინიმუმ 4 წლიან კონტრაქტს ითხოვდა, (წლიური ანაზღაურება 20 მილიონი) რაზეც “ინდიანა” უარზე გახლდათ.
მოლაპარაკების პროცესი საკმაოდ დიდ ხანს გაიწელა და საბოლოოდ ჩაიშალა, რაც იმას ნიშნავს, რომ “პეისერზი” შეეცდება მაქსიმალურად სარფიანად გაცვალოს კალათბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში და მცირედი სარგებელი მაინც ნახოს.
ეს გოგა ბითაძის შანსია – მაილზ ტერნერის წასვლის შემდეგ ქართველს უმთავრესი კონკურენტი მოაკლდება და წესით სათამაშო დროც მოემატება.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს 2022/23 წლების რეგულარულ სეზონში “ინდიანას” 22 მოგება და 18 წაგება გააჩნია. გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში ამჟამად მეშვიდე ადგილს იკავებს.