NBA-ს 2022/23 წლების სეზონში სადებიუტო შეხვედრა გამართა “ინდიანა პეისერზმა”. რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ვაშინგტონს” და დაძაბულ ბრძოლაში 107:114 დამარცხდა.
გოგა ბითაძე პარკეტზე მეორე ხუთეულიდან შემოვიდა და 10 წუთი ითამაშა(მაილს ტერნერია ტრავმირებული). ამ დროის განმავლობაში ქართველი ცენტრი საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა – 0 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
გოგამ თამაშიდან ერთადერთხელ შეუტია მეტოქის კალათს და სამწუხაროდ ვერ ჩააგდო, საკმაოდ დიდი იყო მისი მხრიდან ტექნიკური წუნიც – მოკლე დროში ორჯერ დაკარგა ბურთი და სამჯერ დაჯარიმდა.
პირველი მეოთხედი სტუმრებმა ბევრად უკეთესად ჩაატარეს და ბრედლი ბილის მიერ დაგროვილი ქულების წყალობით 36:25 გალიდერდნენ. დარჩენილი 3 პერიოდის განმავლობაში “პეისერზი” ცდილობდა დასწეოდა მეტოქეს, თუმცა ეს გაჭირვებით გამოსდიოდა. “ინდიანას” რიგებში გამორჩეულად კარგი იყო ტაირის ჰალიბარტონი, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი გაშანსა, თუმცა მხოლოდ მისი კარგი თამაში არ იყო საკმარისი მატჩის მოსაგებად.
“ვიზარდსმა” ბევრად უფრო დალაგებული და გუნდური კალათბურთი ითამაშა და სწორედ ამის წყალობით მიაღწია გამარჯვებას – 23 ქულა ქონდა ბრედლი ბილს, 22 კაილ კუზმას, ორმაგი დუბლი გაშანსა კრისტაფს პორჟინგისმა (15+10 მოხსნა), ბარტონი+გაფორდის დუეტმა სათადარიგოთა სკამიდან 29 ქულა მოუტანა “ვაშინგტონს”.
“ინდიანამ” სეზონის პირველივე მატჩში გამოაჩნა, რომ საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს და გუნდი ცვლილებებს საჭიროებს, სატრანსფერო ფანჯარა ჯერჯერობით ღიაა და არ დახურულა.