“ინდიანა პეისერზმა” დაასრულა მოსამზადებელი ეტაპი NBA-ს მოახლოვებული სეზონის წინ. რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა 4 საგამოფენო მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო და ორშიც დამარცხდა.
უკანასკნელი ამხანაგური შეხვედრა “პეისერზმა” საკთარ Gainbridge Coliseum-ზე გამართა, სადაც მისი მეტოქე “ჰიუსტონ როკეტსი” გახლდათ. მატჩის პირველი ტაიმი სტუმრებმა იდეალურად ჩაატარეს და მეტოქეს 81 ქულა ჩაუგდეს (პირველ მეოთხედში 39, მეორეში 42). მოედანზე გაიბრწყინა ჯალენ გრინმა, რომელსაც 33 ქულა ქონდა, მშვენივრად მოქმედებდა კევინ პორტერ ჯუნიორი (22 ქულა).
მეორე ტაიმში “ინდიანა” გამოფხიზლდა” და სცადა შეხვედრაში ინტრიგის დაბრუნება. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ბენედიქტ მატურინმა 19 ქულა აიღო, მას მშვენივრად “აუბა მხარი” გოგა ბითაძემაც. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 9 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. “სუპერ გოგამ” თამაშიდან 6-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და ოთხჯერ ზუსტად ჩააგდო ბურთი (2-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 ორქულიანი).
სნაიპერული თვისებები გამოავლინა “სატრეიდოდ” გამზადებულმა ბადი ჰილდმა, რომელმაც 19 ქულა მოიპოვა, თუმცა “ინდიანამ” წაგებას მაინც ვერ გადაურჩა 114-122.
“ინდიანა პეისერზი” NBA-ს რეგულარულ სეზონს “ვაშინგტონ ვიზარდსთან” დაპირისპირებით გახსნის. შეხვედრა 20 ოქტომბერს, ღამის 03:00-ზე დაიწყება.
“ინდიანას” საგამოფენო მატჩები 2022/23 წლების სეზონის წინ
შარლოტი – ინდიანა 97-122
ნიუ იორკი – ინდიანა 131-114
ინდიანა – ნიუ იორკი 109-100
ინდიანა – ჰიუსტონი 114-122