გუშინ საღამოს უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა – გოგა ბითაძე „ინდიანამ“ თავის ფარმკლუბში – „ფორტ ვეინ მედ ანტსში“ გაუშვა, რომელიც G -განვითარების ლიგაში ასპარეზობს.
რათქმაუნდა ერთის მხრივ ეს ცუდია – გოგა NBA-ში მეოთხე სეზონს ატარებს და მისი ნიჭის მქონე კალათბურთელს ფარმ კლუბებში არ უნდა უწევდეს თამაში, თუმცა ამ გადაწყვეტილებას თავისი პლიუსებიც გააჩნია – ბითაძე „ინდიანას“ რიგებში პარკეტზე ძალიან მცირე დროით გამოდის და G ლიგაში სათამაშო პრაქტიკას მიიღებს.
ქართველი მაყურებლისთვის უაღრესად საინტერესო გამოდგა G ლიგის შეხვედრა, სადაც „დენვერის“ ფარმკლუბმა „გრანდ რაპიდს გოლდმა“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა „ფორტ ვეინ მედ ანტსს“. ორივე გუნდში, სასტარტო შემადგენლობაში ცენტრის პოზიციაზე ქართველი კალათბურთელი თამაშობდა – „გოლდის“ ღირსებას გიორგი ბეჟანიშვილი იცავდა (გააჩნია ავსტრიის მოქალაქეობა), ხოლო „მედ ანტსისას“ ბითაძე.
როგორც G ლიგის შეხვედრებს შეეფერება მატჩი უხვქულიანი გამოდგა და „ინდიანას“ ფარმკლუბმა 139:122 იმარჯვა. გოგამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 19 ქულა (8-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 3 დაფარება იყო. ბითაძემ ასევე 5 პერსონალური მიიღო და 6-ჯერ დაკარგა ბურთი, რამაც მას სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შეუმცირა.
ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი ბეჟანიშვილმა – 16 ქულა (13-დან 8 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი), 10 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 1 ჩაჭრა.
პირველი მეოთხედი მასპინძლებმა მოიგეს 29:27- მშვენივრად ასპარეზობდნენ ლენს სტივენსონი (23 ქულა მატჩში) და ნიკ სტაუსკასი (20 ქულა+10 პასი). მეორე პერიოდიდან კი სათამაშო უპირატესობა ხელთ სტუმრებმა იგდეს და დარჩენილი სამივე მეოთხედი მათ მოიგეს 37:26 36:34 39:33. საბოლოოდ „ფორტ ვეინ მედ ანტსის“ დამაჯერებელი გამარჯვება 139:122.
გოგასთან ერთად „ინდიანას“ ფარმკლუბში სოლიდური მატჩი ქონდა კიფერ საიქსს, რომელმაც 23 ქულა ჩაუგდო მეტოქეს, 20 ქულა ქონდა ტერი ტეილორს, 12 ჯასტინ ანდერსონს.