გოგა ბითაძის 8 ქულა და გამარჯვება „ნიუ იორკთან“

სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ ნელ – ნელა „ინდიანამ“ გამოასწორა თამაშის ხარისხი და შედეგები. დღეს გამთენიისას „პეისერზმა“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა „ნიუ იორკს“ და მეტოქე 111:98 დაამარცხა.

სასიხარულოა რომ გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა – გოგა ბითაძემ, რომელმაც 10 წუთში 8 ქულა (1-1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი), 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

მატჩის საწყისი 8 ქულა „ინდიანას“ ვარსკვლავმა – მაილს თერნერმა აიღო და საკუთარ გუნდს ანგარიშში ლიდერობა მოუპოვა. საინტერესო ფაქტია, რომ ამის შემდეგ მასპინძლებს ერთხელაც არ დაუთმიათ უპირატესობა და შეხვედრა მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.
მაილსმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა – 25 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება. „პეისერზის“ ძირითადმა ცენტრმა 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და პირადად მოიგო ეს დაპირისპირება „ნიქსთან“.

null

უფერულად გამოიყურებოდა „ინდიანას“ მეორე ლიდერი – დომანტას საბონისი, რომელმაც მხოლოდ 10 ქულა დააგროვა. ლიტველმა ცენტრმა ოთხჯერ დაკარგა ბურთი და მატჩის ბოლოს 6 პერსონალურით გავარდა კიდეც თამაშიდან. სწორედ დომანტასის ცუდი ასპარეზობის ფონზე გადაწყვიტა კარლაილმა მისი შეცვლა გოგა ბითაძეთი და ქართველმა ბოძებული შანსი მშვენივრად გამოიყენა.

მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 36:22 მოიგეს, მეორე და მესამე პერიოდებში ოდნავ უკეთესად სტუმრები გამოიყურებოდნენ – 28:23, 25:21.
უკანასკნელი, მეოთხე მეოთხედი მასპინძლებმა 31:23 მოიგეს და მატჩიც ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.

„ნიუ იორკის“ რიგებიდან ყველაზე მეტი ქულა ერ ჯეი ბარეტმა დააგროვა – 23. ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯულიუს რენდლმა 18 ქულა+14 მოხსნა.

მატჩის მიმდინარეობისას კარიერულ, 12 000 ქულიან ზღვარს გადასცდა ნბას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP – დერიკ როუზი.

9 გამართული მატჩის შემდეგ „ინდიანას“ 3 მოგება და 6 წაგება აქვს, „ნიქსმა“ კი მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველად წააგო და ნიუ იორკელთა ბალანსი ასე გამოიყურება 5/3.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *