“გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეხუთე მატჩში “გოლდენ სტეიტმა” საკუთარ არენაზე 120-110 დაამარცხა “დალასი”, სერია 4-1 მოუგო და სუპერ ფინალის საგზური მოიპოვა.

მეხუთე შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო – სტეფ კარის(15 ქულა+9 პასი) და ენდრიუ ვიგინსის(18 ქულა+10 მოხსნა) ზუსტი სროლების შედეგად 14-5 დაწინაურდა. “მავერიქსი” დროულად გამოფხიზლდა – პირველი მეოთხედის უკანასკნელ წუთზე სპენსერ დინვიდიმ ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა 23-28.

null

მეორე პერიოდში “ვორიორზმა” სწრაფი ტემპით გაზარდა საკუთარი ჰანდიკაპი – მასპინძლები თითქმის ყველა შეტევაში ახერხებდნენ საკუთარი კალათბურთელის დატოვებას თავისუფალ პოზიციაზე და “გოლდენ სტეიტის” სნაიპერებმა ამოავსეს ტექსასური გუნდის კალათი – ბრწყინვალედ გამოიყურებოდა კლეი ტომფსონი (32 ქულა), ისევე როგორც ჯორდან პული.

მეორე ტაიმის სტარტზე ლუკა დონჩიჩს არ წაუვიდა სროლები, რითაც მშვენივრად ისარგებლეს მასპინძლებმა და მათი უპირატესობა +25 ქულა იყო – 87:62. თითქოს შეხვედრაში ყველანაირი ინტრიგა “დაიმარხა”, თუმცა “დალასმა” გაიბრძოლა – პერიოდის ბოლოს 14-2 გაქცევა მოაწყო და “თამაშში დაბრუნდა”.

უკანასკნელ, მეოთხე მეოთხედში “მავერიქსმა” ცდა არ დააკლო, თუმცა 10 ქულაზე უფრო ახლო დისტანციაზე ვეღარ მიუახლოვდა მეტოქეს და საბოლოოდ 110-120 დამარცხდა.

“გოლდენ სტეიტმა” უკანასკნელი 8 სეზონის განმავლობაში მეექვსედ მოახერხა NBA-ს სუპერფინალში გასვლა, რითაც გაიმეორა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის და მისი “ჩიკაგო ბულზის” რეკორდი.

დასავლეთ კონფერენციის პლეიოფების საუკეთესო მოთამაშედ “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარი დასახელდა, რომელსაც მეჯიქ ჯონსონის სახელობის თასიც გადაეცა.

“ვორიორზი” NBA-ს სუპერფინალშია, სადაც დაელოდება აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონს (“ბოსტონი” 3-2 უგებს “მაიამის”).

NBA-ს სუპერფინალი სტარტს 2 ივნისს აიღებს.

Leave a comment

Your email address will not be published.