გოლი, გოლი… გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი და ტოტენჰემის ლეგენდა

ინგლისელი მსოფლიო ჩემპიონი ჯიმი გრივზი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯიმი გრივზი – ჩელსისა და განსაკუთრებით ტოტენჰემის ლეგენდარული  ფორვარდი, ინგლისის ჩემპიონატის 6-გზის საუკეთესო ბომბარდირი. სანამ პრემიერლიგა შეიქმნებოდა, მასზე მეტი გოლი არავის არ ჰქონდა გატანილი ინგლისი ჩემპიონატში (357). პლუს, 4-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი…

2002 წელს ინგლისის ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ჯიმი გრივზის კარიერაში იყო დიდი გაუგებრობაც. ის 1966 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრების ძირითადი ფორვარდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯგუფის მატჩში ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად შესულმა ჯეფ ჰერსტმა კი ეს გამოიყენა და ადგილი წაართვა. მეოთხედფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ფინალშიც ჰეთ-თრიქი შეასრულა გერმანელებთან – 4:2.

ამბობდნენ, გრივზი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გაბრაზებული იყო და ჩემპიონობაც არ იზეიმაო. გერმანიასთან მატჩის მერე სათადარიგო სკამზე ყველა რომ ზეიმობდა, ის სერიოზული სახით იჯდაო…

თუმცა შემდეგ ინგლისურმა პრესამ დაწერა, რომ ნაკრები საზეიმო ბანკეტზე როცა შეიკრიბა, ჯიმი გრივზი იქ არ ყოფილა: მეუღლესთან ერთად დასასვენებლად წავიდა.

თავად გრივზი ამას უარყოფდა, ჩემპიონობა სხვებივით გამიხარდაო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *