არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ, საუდის არაბეთი დედამიწაზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააბრუნა. პირველი ტაიმის ბოლოს, პოლონელი ფორვარდის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, 6 მეტრიდან, ზიელინსკის უპრობლემოდ დარტყმის საშუალება მიეცა და ანგარიშის გახსნა მასაც არ გასჭირვებია. მატჩის 82-ე წუთზე, რობერტმა ბურთი ალ მალკის მოპარა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი მიითვალა! საბოლოო ანგარიში – 2:0.
რა შეიძლება შეხვედრის მიმდინარეობაზე ითქვას? საუდის არაბეთმა ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა ტექნიკური არსენალი გააჩნია და 1:0-ზე პენალტის რეალიზებაც რომ მოეხდინათ, მატჩი როგორ წარიმართებოდა არავინ იცის. უნდა ითქვას, რომ პენალტი საეჭვო იყო. მომენტები ორივე მხარეს შეიქმნა, მაგრამ პოლონეთის დამსახურებულ გამარჯვებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.
მატჩის გმირი
რა თქმა უნდა, საუკეთესო ლევანდოვსკი იყო. გარდა გოლისა და საგოლე პასისა, რობერტმა ბურთი ძელსაც გაარტყა და არკადიუშ მილიკის ეპიზოდში (მილიკის თავური დარტყმა ხარიხას მოხვდა) შეტევის მიმართულება დიდოსტატურად შეცვალა, რითაც ამ მომენტს ფუნდამენტი ჩაუყარა.
პოლონეთი 2:0 საუდის არაბეთი
39′ ზიელინსკი
82′ ლევანდოვსკი