საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა და მთავარ საკითხი გამგეობის თამჯდომარის არჩევა იყო. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე ვეტერანი ბორჯღალოსანის, ცენტურიონი დავით კაჭარავას კანდიდატურა წარადგინა, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი – 121 სანაკრებო კეპია. მას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
“ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ჩემი შრომით აუცილებლად გავამართლებ ამ ნდობას და დარწმუნებული ვარ, წარმატებით წარვუძღვები ამ საქმეს. რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პასუხისმგებლობა რამდენჯერმეა გაზრდილი და ვალდებულნი ვართ საქმე ძალიან კარგად და გამჭვირვალედ წარვმართოთ.
ჩემთვის მნიშვნელოვანია იდეა და ფასეულობა, რის გარშემოც გამგეობა შეიკრა. ეს ფასეულობაა რაგბი და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა პიროვნებების, ან რეგიონების მიხედვით, არამედ იმისათვის, რომ ის უკეთესი იქნება რაგბისთვის. რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები”. – თქვა დავით კაჭარავამ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გამგეობის წევრებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გამგეობამ დაამტკიცა სადისციპლინო სააპელაციო კომისიის წევრები, განიხილა ცვლილებები თამაშის წესებში, დაამტკიცა ანტიკორუფციული რეგულაციები და განიხილა კლუბებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი.