დაკარგული ოლიმპიადის ლიცენზია და სრული ქაოსი ქართულ ჩოგბურთში

რამდენიმე დღის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ სოციალურ ქსელში სკანდალური სტატუსი დაწერა, სადაც ის უპასუხისმგებლობას აბრალებდა ოლიმპიურ კომიტეტს და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას.

„ძალიან სევდიანი ამბავია, როდესაც შეიტყობ რომ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვე, თუმცა ტოკიოში ვერ მიდიხარ, რადგან ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადი არ გააგზავნა.

ოლიმპიადაზე მონაწილეობა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, ახლა მინდა რომ მხოლოდ ვიტირო. ჩოგბურთში წყვილთა თანრგიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა.

ყველა სხვა ქვეყანაში ამაყობენ, რაც უფრო მეტი მონაწილე ყავთ ოლიმპიადაზე, როგორც ჩანს ჩვენთან არა.

კონკრეტულად ვისი ბრალია არ ვიცი, უბრალოდ არავინ მეუბნება რა მოხდა.“

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა კალაშნიკოვას ბრალდებები უარყო და ხელი ჩოგბურთის ფედერაციისკენ გაიშვირა, ჩოგბურთის ფედერაცია ოლიმპიურ კომიტეტს აბრალებს და ამ ქაოსში წაგებული ისევ ოქსანა კალაშნიკოვა და საქართველო რჩება.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა WTA-ს წყვილთა რეიტინგში 70-ე პოზიციას იკავებს და სულ ცოტა ხნის წინ „უიმბლდონის“ ტურნირზე 1/8 ფინალშიც კი გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელი შექმნილ სიტუაციასთან შეგუებას არ აპირებს, მან უკვე შეიტანა სარჩელი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში, სადაც შეეცდება საკუთარი სიმართლის დადგენას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *