“დალასმა” პრესტიჟის მატჩი მოიგო

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში “დალასმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “გოლდენ სტეიტს” და მეტოქე 119-109 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა – სლოვენიელ გამთამაშებელს 1 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 30 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი.

null

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით ანგარიშში წინ გასვლას. რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი. “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელები ცდილობდნენ სასროლ პოზიციაზე დაეტოვებინათ გუნდის ლიდერი სტეფ კარი, რომელიც შორი დისტანციებიდან ბომბავდა მეტოქის კალათს(20 ქულა).

“მავერიქსის” გამთამაშებელმა ლუკა დონჩიჩმა შეხვედრის სტარტზე გადაწყვიტა “დირიჟორის” როლი მოერგო და იდეალური პასებით ამარაგებდა თანაგუნდელებს. წინა მატჩებისგან განსხვავებით პერიმეტრიდან სროლები წაუვიდათ ფინი სმიტს(23 ქულა) და რეჯი ბალოკს(18 ქულა), მასპინძლებმა კი პირველი მეოთხედი 28-24 მოიგეს.

მეორე პერიოდის საწყის წუთებში ჯორდან პულის კარგი ასპარეზობის ფონზე “გოლდენ სტეიტმა” მცირე გაქცევა მოაწყო და 31-29 დაწინაურდა. ამის შემდეგ სტუმრებს “დიდი გამყინვარება” დაეწყოთ და მომდევნო 7 წუთის განმავლობაში 0 ქულა აიღეს.

“დალასმა” გაილაღა – ტაიმის ბოლომდე 26-7 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 15 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა 62-47.

null

მეორე ტაიმის დაწყება გაიწელა – American Airlines Center-ში ძლიერი წვიმის გამო წყალი ჩამოვიდა და ტექნიკურ პერსონალს დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

მიმდინარე სეზონში ეს უკვე მეორე შემთხვევაა “დალასის” საკალათბურთო დარბაზში – 23 მარტს, ასევე დიდი წვიმის გამო წყალმა გაჟონა სახურავში და სტუმარი გუნდის(მინესოტა) სათადარიგოთა სკამზე წყალი ჩამოდიოდა. მარტში ამ პრობლემის მოგვარებას დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა.

მესამე მეოთხედში მასპინძლებმა აღებული ტემპი აღარ დააგდეს და მალე მათმა ჰანდიკაპმა +26 მიაღწია. “დალასი” ნაადრევად მოდუნდა და გამარჯვება დაიჯერა, რისთვისაც კინაღამ დაისაჯა – “ვორიორზის” სათადარიგოებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ძირითადი დროის დასრულებამდე 3:22 წუთით ადრე სხვაობა მხოლოდ 8 ქულა იყო 102-110.

null

“გოლდენ სტეიტმა” სასწრაფოდ დააბრუნა სასტარტო ხუთეულის წევრები მოედანზე, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქესთან “უფრო ახლოს მისვლა” ვეღარ შეძლო – 109-119.

საპლეიოფო სერიაში ანგარიში 3:1 გახდა – “დალასმა პრესტიჟის მატჩი მოიგო. ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა ზეგ, “გოლდენ სტეიტის საკალათბურთო არენაზე შედგება, სადაც “ვორიორზი” შეეცდება “დახუროს” სერია და NBA-ს სუპერფინალის საგზური მოიპოვოს.

Leave a comment

Your email address will not be published.