დანია სწორედ უემბლიზე დაიბადა (+video)

1983 წლის 21 სექტემბერი, ლონდონი, უემბლი… ერთი თითქოს ჩვეულებრივი დღე უნდა გათენებულიყო, ინგლისი დანიას ხვდებოდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში და ფრეც ხელს აძლევდა. მაშინ ხომ რვაგუნდიანი ევრო იყო და ერთი გუნდი გადიოდა ჯგუფიდან, ჰოდა, ის ერთი ინგლისი უნდა ყოფილიყო.

დანია 80-იანების დასაწყისში ცოტას გამოანათებდა ხოლმე და მორჩა, აბა, სად შეეძლო ინგლისის დამარცხება? თან უემბლიზე?!

ჯგუფში ინგლისი წინ იყო. დანიაში უკვე ჰქონდათ ნათამაშევი და 2:2 დასრულდა, ბოლო წუთებზე იესპერ ოლსენმა გაუტანათ, რაც ამაყმა ბრიტანელებმა შემთხვევითობას მიაწერეს. დიდი ამბავი, სხვებთან დაკარგავენ ქულებს და თანაც, უემბლიზე მოსასვლელები არიანო…

მწვრთნელმა ზეპ პიონტეკმა დანიის სუპერნაკრები შექმნა და ეს ნაკრები სწორედ… უემბლიზე დაიბადა.

37-ე წუთი იყო, იესპერ ოლსენმა ჩააწოდა, იქ უბრალო სიტუაციაში ფილ ნილს ხელზე მოხვდა ბურთი და პენალტი დაინიშნა, რომელიც 31 წლის ალან სიმონსენმა შეაგდო და 0:1… სიმონსენი ოქროს ბურთის მფლობელი იყო, ბრწყინავდა გლადბახსა და ბარსელონაში, მაგრამ იმ დროს ცოტა უკვე ასაკში იყო. იმ დროს 30-ს გადაცილებულები უკვე უკლებდნენ (უმრავლესობა)…

დანიელთა ტექნიკამ ინგლისელთა ტლანქი მცველები და საყრდენები გააქრო. მიქაელ ლაუდრუპი იმ დროს 19 წლის იყო, მაგრამ იდეალური მომენტი ვერ გამოიყენა და პრებენ ელკიაერ-ლარსენით შეცვალეს.

ლაუდრუპი იმ მატჩს ხშირად იხსენებდა: „ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო დღე. თამაში რომ დასრულდა და 80 000-იან უემბლის ავხედეთ, მივხვდით, რომ ძალიან დიდი რამ გავაკეთეთ“.

ბრიტანულმა პრესამ ბობი რობსონი გააკრიტიკა, ნახევარდაცვაში არასწორი შემადგენლობა დააყენაო.

„ინგლისის პრემიერ-მინისტრიც კი არაა ასეთ წნეხში. რასაც ჩემზე წერენ, ბევრი რამ უადგილო და გაუგებარია, მაგრამ ესაა მწვრთმელობა: ენას კბილი უნდა დააჭირო და კრიტიკა მიიღო“.

ინგლისს ორიოდე შანსი ჰქონდა და მათ შორის ერთი ბოლო წუთზე: მეკარე კიაერმა სასწაულად აუღო შეცვლაზე შესულ ბლისეტს…

დანია ჯგუფის ლიდერი გახდა, ადგილი გაუცვალა ინგლისს. დარჩენილი ორივე თამაში კი იოლად მოიგო და გავიდა ევროპაზე. იქ კი ნახევარფინალამდე მივიდა და ფინალამდე ცოტა დააკლდა. რომანტიკული, სანახაობრივი გუნდი ჰყავდათ: ლაუდრუპი, პრებენი, ლერბიუ, იესპერ და მორტენ ოლსენები, არნესენი…

ჰო, შარშან დანიამ კიდევ ერთხელ აჯობა ინგლისს, ისევ უემბლიზე, ისევ 1:0 და ისევ პენალტით… და ვინ გაიტანა პენალტი? კრისტიან ერიქსენმა.

თუმცა ეს სხვა ისტორიაა. დანიის ზღაპარი კი უემბლიზე 38 წლის წინ დაიბადა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *