დანიის ნაკრებისა და ფრანგული ნიცას ფორვარდ კასპერ დოლბერგს დიაბეტი აქვს. ესაა დიაბეტის პირველი ტიპი, რომელიც არ ინკურნება. პირველი ტიპი ზოგადად ახალგაზრდებს ემართებათ. პაციენტებს მუდმივად სჭირდებათ ინსულინის თერაპია.
დოლბერგმა Instagram-ში გამოაქვეყნა ტექსტი: „ძვირფასო ქომაგებო! ანალიზის პასუხები ვნახე და დიაბეტის პირველი ტიპი აღმომაჩნდა. რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ მეორე მხრივ დავმშვიდდი, რომ ჩემი ბოლოდროინდელი სისუსტის მიზეზი გავიგე. ექიმმა მითხრა, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში დიაბეტი ჩემს კარიერაზე არ იმოქმედებს.
…ბოლო დღეებში ისევ ვივარჯიშე და შედარებით უკეთ ვარ. მწვრთნელ კასპერ იუმლანდთან შეთანხმებით, დანიის ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოვტოვებ. მკურნალობა უნდა გავაგრძელო. მადლობა მხარდაჭერისთვის და მომავალ შეხვედრამდე!“
დოლბერგმა გასულ ევროპის ჩემპიონატში 3 გოლი გაიტანა. ნიცამდე, როგორც იცით, ამსტერდამის აიაქსში თამაშობდა.