რა თამაშს ახერხებს დანია ამ მცირე რესურსით? კასპერ ჰიუმლანდის გუნდმა უელსთან იფრინა, 4:0 მოიგო და საერთოდ, ბოლო ორ შეხვედრაში 8 გოლი მოუგროვდა.
მივყვეთ, რა და როგორ იყო.
კრისტიან ერიქსენის ამბები ყველამ იცის. 10 ნომრის და ლიდერის გამოკლებამ დინამიტები უფრო გააერთიანა. გაირკვა, რომ ფსიქოლოგებმა იმუშავეს თითოეულ ფეხბურთელთან. ბელგიასთანაც რა ტაიმი ჩაატარეს… და მეორე ტაიმის ბოლო 15-წუთიანი მონაკვეთიც გაიხსენეთ – ის თამაში კევინ დე ბრუინმა მოიგო ნახევარ საათში, თორემ დანია დარჩენილ დროში უკეთესი იყო.
უელსთან მერვედფინალში კი მარტო ერიქსენი კი არა, მარჯვენა მცველი დანიელ ვასი და ფორვარდი იუსუფ პოულსენი დააკლდათ.
ტაქტიკა! ჰიულმანდმა უელსთან მინიმუმ 5-ჯერ შეცვალა ტაქტიკა, ფეხბურთელები გადაანაცვლა.
დააკვირდით, რა მოხდა, როცა უელსმა საწყისი 15 წუთი მაგრად ჩაატარა და უპირატესობას ფლობდა. მწვრთნელმა 3-მცველიანი სისტემა 4-მცველიანზე გადაიყვანა, სტრიგერ ლარსენი და მაელე ფლანგებზე უკან დასწია, ხოლო საყრდენ ზონაში კრისტენსენი გადასწია…
ეს იყო გადამწყვეტი: კრისტენსენ-ჰოიბერგ-დელენის სამეულმა შუაში ფეხი არ გაანძრევინა უელსელებს… რაღა დროს ჯო ალენი იყო.
მეორე ტაიმში, როცა დამსგორი და დილეინი შეცვალა, მწვრთნელმა კრისტენსენი ისევ დაცვაში დასწია.
მერე 3-3-3-1 სქემით გააგრძელა თამაში და ზოგადად, დანია ყველაზე ხშირად სწორედ ამ წყობას იყენებს.
მოგვიანებით, მარცხენა ფლანგზე ყველაფრის ბატონ-პატრონი მაელე მარჯვნივ გადასწია, თანაც არა მცველად, არამედ გარემარბად. იქაც წალეკა უელსელები და მშვენიერი გოლიც გაიტანა.
ბრაითვაიტი შეტევაში ხან სად იყო, ხან სად. ყველა ადგილზე ითამაშა.
კიდევ ის რად ღირს, კაპიტანი სიმონ კიაერი დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ცენტრალური მცველი და კაპიტანი… ამდენ დანაკლისს კიდევ ეს რომ ემატება. მაგრამ დანია ისე ფრინავდა, პირიქით, ორი გოლი გაუტანა უელსს, საერთოდ არ შეტყობია დაცვის ლიდერის გამოკლება.
ორი გოლი გაიტანა დოლბერგმა და ამით ყველაფერი ნათქვამია, ხოლო კორნელიუსის შესვლამ სულ დაშალა უელსი – ბურთს ვერ ართმევდნენ.
აი, რას ამბობს კასპერ ჰიულმანდი: „ერიქსენის ამბავმა ბევრი რამ შეცვალა. ჩვენ გვჭირდებოდა სიყვარული და გამხნევება. ეს მივიღეთ. იოლია მოქმედება, როცა ადამიანის გულში იხედები და ხვდები, რა სჭირდება მას. დიდი მადლობა ფანებს, რომლებიც ამსტერდამშიც მრავლად იყვნენ. ჩემს ფეხბურთელებს ვაღმერთებ. თამაში იდეალურად ვერ დავიწყეთ, მაგრამ მერე უკეთ ავთამაშდით“.