დანილ მედვედევის დამაჯერებელი სვლა გრძელდება

მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა დანილ მედვედევმა დამაჯერებელი სტარტი აიღო US OPEN-ზე. რუსმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში ფრანგი რიშარ გასკე გაანადგურა 6:4 6:3 6:1, მეორე წრეში კი ასევე იოლად სძლია დომინიკ კოფერს 6:4 6:1 6:2.

გერმანელი ჩოგბურთელის წინააღმდეგ დანილმა თითქმის იდეალური მატჩი ჩაატარა (თუ არ ჩავთვლით ერთ გეიმს პირველ სეტში). კოპფერის სათამაშო სტილი ძალიან კომფორტულია მედვედევისთვის – დომენიკი აგრესიულად უტევდა რუსს უკანა ხაზზე, დანილი კი დაცვაში ბრწყინვალედ მოქმედებდა, ანეიტრალებდა მეტოქის შეტევებს და შემდეგ იოლად იგებდა ქულებს.

მედვედევმა კოფერი როგორც ფიზიკური კონდიციებით, ასევე ფსიქოლოგიურადაც დაჩაგრა, რადგან დომინიკმა აღარ იცოდა, როგორ მოეგო ქულები.

დანილი მეტოქის ძლიერ და სწრაფ ჩაწოდებას აგრესიულად პასუხობდა და ამით გამოუვალ მდგომარეობაში აგდებდა გერმანელს. რუსი ჩოგბურთელის დომინირება თანდათან იზრდებოდა.

მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა 1 საათსა და 50 წუთში „გადაურბინა“ მეტოქეს და მესამე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე 35 წლის ესპანელი – პაბლო ანდუხარი იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *