2021 წლის US OPEN-ის ფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა დანილ მედვედევმა დამაჯერებლად 6:4 6:4 6:4 დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი და კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი.
შეხვედრა ნოვაკისთვის „ტრადიციულად“ დაიწყო – პირველივე გეიმში დათმო საკუთარი ჩაწოდება და მალევე ჩამორჩა მეტოქეს 0:2. მესამე გეიმში რუს ჩოგბურთელს ისევ გააჩნდა ბრეიკპოინტები, თუმცა მათი რეალიზება ვეღარ შეძლო.
ჯოკოვიჩმა ვერაფერი მოუხერხა რუსის ჩაწოდებას და დანილმა პარტია ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა 6:4. მედვედევმა პირველი მცდელობით 15-ჯერ ჩააწოდა და ყველა ქულა მოიგო. ჯოკოვიჩმა კი ზედიზედ მე-5 მატჩში წააგო პირველი სეტი.
Sealed with an ace and a fist pump 💪
Daniil Medvedev leads Djokovic by a set in the #USOpen final. pic.twitter.com/bTCkOvD3gF
— US Open Tennis (@usopen) September 12, 2021
მეორე სეტი „ნოლემ“ გაცილებით აქტიურად დაიწყო და ახლოსაც იყო ბრეიკის შესრულებასთან. თავისმხრივ მედვედევმა კონცენტრაცია დაკარგა, დაუშვა რამდენიმე ორმაგი შეცდომა, რითაც სერბი ჩოგბურთელი სამმაგ ბრეიკპოინტამდე მივიდა, თუმცა რუსმა გაჭირვებით მაინც მოახერხა პრაქტიკულად წაგებული გეიმის მოგება. 2:1-ზე დანილმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა ბრეიკპოინტი, რასაც ნოვაკის მხრიდან ჩოგნის დამტვრევა მოყვა.
ვერგამოყენებული შანსების გამო ჯოკოვიჩი მეტოქემ დასაჯა და აქეთ შეუსრულა ბრეიკი 3:2. მედვედევმა დამაჯერებლად შეინარჩუნა ეს ჰანდიკაპი სეტის ბოლომდე და პარტიებში 2:0 დაწინაურდა (6:4 6:4).
მიუხედავად რუსის კოლოსალური უპირატესობისა, ტრიბუნაზე შეკრებილ გულშემატკივარს მაინც ძალიან დიდი იმედი ქონდა, რომ „ნოლე“ თამაშს „შემოაბრუნებდა“, რადგან ყველას კარგად ახსოვს წლევანდელი როლან გაროსის ფინალი, სადაც ჯოკოვიჩი სეტებში 0:2-ს ჩამორჩა სტეფანოს ციციპასს, თუმცა მატჩი მაინც მოიგო.
Daniil.
Medvedev. pic.twitter.com/R9OXbjZMOu
— US Open Tennis (@usopen) September 12, 2021
მესამე პარტიის სტარტზე ჯოკოვიჩის მდგომარეობა კატასტროფული გახდა, ვინაიდან რამდენიმე წუთში ზედიზედ 4 გეიმი წააგო და მეტოქეს სოლიდური სხვაობით ჩამორჩა 0:4.
დიდი ძალისხმევის შედეგად ნოვაკმა ორჯერ შეზლო საკთარი გეიმის მოგება, თუმცა მეტოქე უკვე მატჩის მოსაგებად აწვდიდა 2:5-ზე.
მედვედევი მატჩბოლამდე მივიდა, თუმცა ტრიბუნაზე მაყურებელი გაჩუმებას არ აპირებდა, იძულებითი პაუზა გაიწელა, რამაც რუსი ტემპიდან ამოაგდო და დანილმაც ზედიზედ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, სერბმა ამ საჩუქრით მშვენივრად ისარგებლა და შეხვედრაში პირველად შეძლო რუსი ჩოგბურთელის ჩაწოდების მოგება.
5:4-ზე მედვედევმა უკვე მეორე შანსი მიიღო წარმატებით ჩაეწოდებინა სეტზე და რუსმა დამაჯერებლად დაასრულა ყველაფერი თავის სასარგებლოდ 6:4 6:4 6:4.
დანილ მედვედევი რუსული ჩოგბურთის ისტორიაში გახდა მესამე მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც შეძლო დიდი სლემის ტურნირის მოგება.
როლან გაროსი (1996) – ევგენი კაფელნიკოვი
ავსტრალიის ღია პირველობა (1999) – ევგენი კაფელნიკოვი
ამერიკის ღია პირველობა – (2000) – მარატ საფინი
ავსტრალიის ღია პირველობა – (2005) – მარატ საფინი
ამერიკის ღია პირველობა – (2021) – დანილ მედვედევი
US OPEN-ის მოგებით მედვედევმა 2000 სარეიტინგო ქულა და 2.5 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი ერთი მოგება დააკლდა, რათა შეესრულებინა კალენდარული გრანდ სლემი.